თორნიკე რიჟვაძე კარლ ჰარცელს შეხვდა
თორნიკე რიჟვაძე კარლ ჰარცელს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ კარლ ჰარცელს საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან უკვე არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა კარლ ჰარცელის საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდება.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში. განსაკუთრებულია ევროკავშირის პროგრამების როლი აჭარაში სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და განათლების მიმართულებით.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში მაჩეი ცურა, ევროკავშირის დელეგაციის წევრი და თანამშრომლობის ხელმძღვანელი ვინსენტ რეი ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტ ENPARD III-ის განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს მაღალმთიან აჭარაში სოფლის მცხოვრებთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა კარლ ჰარცელს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართ იჩენს.

კარლ ჰარცელი რეგიონში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს გაეცნო და შეხვედრები გამართა რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან. ხვალ იგი ბათუმში „ევროპის დღეების“ საზეიმო გახსნის ცერემონიალს დაესწრება.