თორნიკე რიჟვაძე - „იალჩინის“ მრავალსართულიანი კორპუსი იუსტიციის სახლთან არ აშენდება
ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსიის“ მიმდებარე ტერიტორიასა და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე სკვერები მოწყობა მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერთან ერთად სკვერების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
მათივე ინფორმაციით, წელს ბათუმში 10 ახალი სკვერი მოეწყობა, გასულ წელს კი, ბათუმის მერიამ ქალაქში 12 ახალი სკვერის მშენებლობა განახორციელა.
მთავრობის თავმჯდომარე ასევე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნო.
თორნიკე რიჟვაძემ დაავალა შესაბამის უწყებებს „იალჩინის“ მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ კომპანია ,,იალჩინს“ (სს ია-ფეთ იალჩინ პეტროლ თურიზმ თიჯარეთი-ს წარმომადგენლობა საქართველოში“) ბათუმის მერიის მიერ უარი ეთქვა მშენებლობის ნებართვაზე და ასევე, კომპანიას დარღვეული აქვს აჭარის მთავრობასთან გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულებები.
„მისასალმებელია, რომ ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ პრაქტიკულად ყველა უბანში მერია აკეთებს ახალ სკვერებს, ახალ პარკებს, ახალ სარეკრეაციო სივრცეებს. McDonald’s-ის გვერდით ძალიან ბევრი ახალი მშენებლობაა და ამ მშენებლობებს სჭირდება დამხმარე ინფრასტრუქტურა, ახალი სკვერები, ახალი საპარკინგე სივრცეები. ასევე, მოსახლეობის თხოვნა იყო, გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც სამწუხაროდ გაიყიდა წინა წლებში. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ იქაც მოიშლება შესაბამისი ხელშეკრულება და გაუქმდება ყველა ის სანებართვო პირობა, რაც არის დადგენილი. არ აშენდება, რადგან არ შეიძლება ამდენ ადამიანს დისკომფორტი შევუქმნათ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.