თორნიკე რიჟვაძე - ბათუმში მშენებლობებთან დაკავშირებით ზედამხედველობა გამკაცრდება, მაგრამ ბიზნესს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება
ბათუმში მშენებლობებთან დაკავშირებით ზედამხედველობა კიდევ უფრო გამკაცრდება, მაგრამ ბიზნესს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა, არავის მივცემთ უფლებას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები შეჩერდეს, – ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა. რიჟვაძე აცხადებს, რომ არსებობს ძალიან ვიწრო ჯგუფი, რომელიც მშენებლობებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციების შეტანას ცდილობს.
„პირადად ვარ ნებისმიერი ქაოტური და ნებისმიერი ნებართვისგან აცდენილი მშენებლობის წინააღმდეგი. მოსვლისთანავე პირველი რაც გავაკეთე, მოხდა ახალ ბულვარში ბენზინგასამართი სადგურის დემონტაჟი. ეს არის კონკრეტული საქმე, რაც ასახავს ჩემი და ჩვენი გუნდის პოზიციას. რაც შეეხება ჩემს კომენტარს, კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით, ეს არის მართლაც ძალიან ვიწრო ჯგუფი, რომელიც ახდენს საზოგადოებაში გარკვეული ინტერპრეტაციების შეტანას.
ქაოტური მშენებლობების მიმართულებით ზედამხედველობა კიდევ უფრო გამკაცრდება, მაგრამ ბიზნესს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა. ვერავის მივცემთ უფლებას, დასაქმებულ მოსახლეობას შეუჩეროს შემოსავლის წყარო, არავის მივცემ უფლებას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები გაჩერდეს“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
სამშენებლო ბიზნესის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რიჟვაძემ განცხადება პირველად რამდენიმე დღის წინ გააკეთა და განაცხადა, რომ გარკვეულ ჯგუფს აქვს უსუსური მცდელობა გავლენა მოახდინოს და დააკომპლექსოს გადაწყვეტილების მიმღები ჩინოვნიკები. მას არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა ამ ჯგუფებში, თუმცა ადგილობრივ მედიაში გავრცელდა მოსაზრებები, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გულისხმობდა, რომლებიც ბათუმში ქაოტურ მშენებლობებს აპროტესტებენ.