თორნიკე რიჟვაძე - „ბათუმი რივიერას“ პროექტზე მუშაობა გრძელდება, ყველაფერი გაკეთდება კანონის შესაბამისად
„ბათუმი რივიერას“ პროექტთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება და ყველაფერი გაკეთდება იმ მოცემულობის შესაბამისად, რასაც კანონი ითვალისწინებს, – ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა.
„რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს, ამ პროექტთან დაკავშირებით კონკრეტულ ჯგუფს გააჩნია საკუთარი მოსაზრება. თქვენ მოისმინეთ განსხვავებული არგუმენტები. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ როგორც რეგიონის ხელმძღვანელი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მილიარდი ლარის მოცულობითი და ხარისხობრივი პროექტი, მაგრამ როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, მათ შორის ჩვენი პარტიის ხელმძღვანელის დავალება არის ყველას მიმართ, რომ ყველა პროექტი, ყველა გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კანონს და ამ შემთხვევაშიც კანონი ზედმიწევნით იქნება დაცული“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძე ამ განცხადებით მოძრაობა „დაიცავი ბათუმის“ წევრებს გამოეხმაურა, რომლებმაც პროექტის შეჩერების მოთხოვნით მმართველი პარტიის ლიდერსა და თანაინვესტირების ფონდის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართეს. რიჟვაძის განცხადებით, პარტიული ლიდერისგან ყველა იღებს მითითებას, ყველაფერი მხოლოდ კანონიერების ფარგლებში განხორციელდეს.
„ფონდი „ქართუ“ და რა თქმა უნდა, მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ამ ქვეყანაში თუკი ვინმეს სახლიდან მოაქვს ფინანსები და რესურსები, ერთადერთი ადამიანია, ვინც მთელი თავისი ცხოვრება თავის დანაზოგს ახმარდა ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ბუნებრივია, აჭარაც არ არის გამონაკლისი. დაახლოებით 60 მილიონ ლარზე მეტი არის აჭარაში ფონდი „ქართუს“ მიერ დახარჯული. ჩემს უკან ხედავთ ბათუმის დრამატულ თეატრს, სადაც 15 მილიონი „ქართუ ფონდმა“ დახარჯა. ასევე, დელფინარიუმი, ახალგაზრდობის პარკი, რაგბის მოედნები. ამ ფონდის საქმიანობა ეხება პრაქტიკულად ყველა იმ სფეროს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის და თითოეული ქართული ოჯახის უკეთესი მომავლისთვის. მე კეკლუცობას არ ვაპირებ: კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სწორედ ამ ადამიანმა შეძლო, ჯერ კიდევ 2012 წელს ჩვენი საზოგადოებისთვის მოეტანა თავისუფალ გარემოში ცხოვრების წინაპირობა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.