აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე რამდენიმე საათია, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების შეკითხვებს ისმენს. რიჟვაძე შეკითხვებს ინიშნავს და მათი ამოწურვის შემდეგ გეგმავს პასუხების გაცემას.
გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენა შესვენების შემდეგ ერთი საათის წინ განახლდა.
ოპოზიციის შეკითხვები რეგიონში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირდება, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ პრობლემას, გაზრდილ საშტატო ერთეულებსა და აჭარის მთავრობაში ბიუროკრატიის ხარჯებს. ასევე, გამოწვევებს ტურიზმის სფეროში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ასმათ დიასამიძე აცხადებს, რომ რიჟვაძისგან პრობლემების გადაჭრის კონკრეტული ხედვები ვერ მოისმინა.
„მე ვერ დავარქმევდი პროგრამას, რაც თორნიკე რიჟვაძემ წარმოადგინა, ეს იყო ციტატები გარკვეული ხედვების შესახებ. ვერ მოვისმინე კონკრეტული ხედვები იმ გამოწვევების გადაჭრასთან დაკავშირებით, რაც აჭარაში უკვე წლების განმავლობაში დაგროვდა“,-განაცხადა დეპუტატმა.
საწინააღმდეგოს ამტკიცებს უმრავლესობა.„ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, ცოტნე ანანიძის თქმით, თორნიკე რიჟვაძის მიერ წარმოდგენილი პროგრამა რეგიონის პრობლემების მიმართ სრულიად ადეკვატური უწოდა.
„ჩვენ ვიცნობთ მთავრობის მომავალი შემადგენლობის ხედვებს, თორნიკე რიჟვაძის მიერ წარმოდგენილი პროგრამა არის სრულიად ადეკვატური იმ პრობლემების მიმართ, რაც რეგიონში არსებობს“,-განაცხადა მან.