თორნიკე აბულაძე - სტანდარტები უნდა ავწიოთ, მაგრამ არა მხოლოდ სამშენებლო სექტორში, არამედ ყველგან
შრომის უსაფრთხოების კუთხით რეგულაციები გასამკაცრებელია, დაახლოებით ერთი წლის წინ 10-ჯერ გაიზარდა ჯარიმები, რამაც საბოლოო ჯამში იმოქმედა და დადებითი შედეგები გამოიღო, – ამის შესახებ „კომპანია არსისა და მენაშენეთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე აბულაძემ სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით თბილისის მერ კახა კალაძის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და დეველოპერებს შორის გამართული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, პრობლემა დგას არა რომელიმე მუხლში, არამედ სამშენებლო სექტორთან მიმართებაში ერთდროულად შემოსული ბევრი რეგულაციის ერთობლივ სიმრავლეში.
„მშენებლების უფლებები არ ირღვევა ამ შემთხვევაში, თუმცა ნებისმიერი ახალი კანონის შემოტანას თან სდევს ის, რომ მაშინვე 100%-ით შესრულება ვერ ხდება ხოლმე, გარკვეულწილად, სანამ ამას ისწავლი, გაიაზრებ და იმპლემენტაცია მოხდება, გარკვეულ სირთულეებს წარმოადგენს, თუმცა ეს პროცესი გასაკეთებელია. მგონია, რომ ზოგადად შრომის უსაფრთხოების წესები იმდენად პრობლემატური არ არის, როგორც დავუშვათ, საბანკო რეგულაციები და ის სხვა ბარიერები, რომლებიც შეიქმნა. შრომის უსაფრთხოების კუთხით რეგულაციები გასამკაცრებელია, დაიწყო პრინციპში კალაძის ადმინისტრაციამ ამის განხორციელება ერთი წლის წინ თუ არ ვცდები, როცა 10-ჯერ გაზარდა ჯარიმები, რამაც საბოლოო ჯამში იმოქმედა და დადებითი შედეგები გამოიღო. ამ ეტაპზე შრომის უსაფრთხოების კუთხით დახვეწა რომ არის საჭირო, ეს გასაგებია. პრობლემა დგას არა რომელიმე მუხლში, არამედ ჩვენს სექტორთან მიმართებაში ერთდროულად შემოსული ბევრი რეგულაციის ერთობლივ სიმრავლეში. ეს არ არის მარტო შრომის უსაფრთხოება, ეს არის გამწვანება, ტრანსპორტი, საბანკო რეგულაციები, ანუ ყველაზე მარტივი დასარტყამი სფერო ვართ ხოლმე და საბოლოო ჯამში, პრობლემა არის ის, რომ ჩვენთან 10-ჯერ იზრდება ჯარიმები. მაგალითად, ქალბატონი სამი წლის ბავშვთან ერთად რომ გადადის ქუჩაზე, იმაზე არ იზრდება ჯარიმა. ჩემი პოზიციაა, რომ, რა თქმა უნდა, სტანდარტები უნდა ავწიოთ, ამაზე მზად ვართ, მაგრამ არა მარტო ჩვენთან, არამედ ყველგან“, – თორნიკე აბულაძემ.