მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი - აფრიკის დასახლებაში ნაგებობები იყო ფაციფუცით აშენებული, ძლიერი ქარის შემთხვევაში, შესაძლოა, დანგრეულიყო, სულ მცირე, სახურავს ააგლეჯდა
მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი - აფრიკის დასახლებაში ნაგებობები იყო ფაციფუცით აშენებული, ძლიერი ქარის შემთხვევაში, შესაძლოა, დანგრეულიყო, სულ მცირე, სახურავს ააგლეჯდა

ეს იყო ფაციფუცით აშენებული, ძლიერი ქარის შემთხვევაში, შესაძლოა დანგრეულიყო, ან როგორც მინიმუმ, სახურავს ააგლეჯდა, – ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა აფრიკის დასახლებაში უკანონო ნაგებობების დემონტაჟთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემა არ არის მხოლოდ იმაში, რომ საქმე ეხება უკანონო მშენებლობას, არამედ მთავარი პრობლემა ისაა, რომ მშენებლობის ყველა ნორმა იყო უგულებელყოფილი, რაც სტიქიური მოვლენების დროს მსხვერპლს გამოიწვევდა.

„რაც იქ მოხდა, ცხადია, რომ უკანონო იყო. ერთია, მშენებლობა არის უკანონო და მეორე – რაღაც ნორმებით უნდა ხდებოდეს მშენებლობა, სამწუხაროდ, არანაირი ნორმები დაცული არ იყო. პრაქტიკულად, უგულებელყოფილი იყო კონსტრუქციული ნაწილები, გადახურვის, თუ კედლების წყობა. ძლიერი ქარის შემთხვევაში, შესაძლოა, დანგრეულიყო, ან, როგორც მინიმუმ, სახურავს ააგლეჯდა. ის იყო ისე ნაჩქარევად აშენებული, რომ ოღონდ რაღაც გადახურული ყოფილიყო. მე მგონი, მოსახლეობა ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა და უთხრა, რომ გადახურულ სახლს არ ანგრევენ. ეს იყო ფაციფუცით აშენებული, შეიძლება, ხშირ შემთხვევაში, იქ ქვიშა-ცემენტის ხსნარიც არ იყო გამოყენებული. ექსკავატორის ცხვირი რომ აწვებოდა, მთელი კედელი წვებოდა“, – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

თუმცა, მისივე შეფასებით, დემონტაჟის პროცესამდე არ უნდა მივიდეს საქმე და შესაბამისმა სამსახურმა უკანონო ნაგებობების მშენებლობა საწყის ეტაპზევე უნდა აღკვეთოს.

„რაც შეეხება ფორმას, სოცრად ცუდი ფორმა იყო და, სამწუხაროდ, გამახსენა წინა წლები, როცა ხდებოდა უკანონო „გარაჟების“ ნგრევა, წივილი-კივილი. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო უნდა მოიქცეს, ვიდრე ამ ეტაპამდე მივა მშენებლობა, რამდენიმე ათასი ლარი ძალიან სერიოზული დანახარჯია ეგეთი ოჯახებისთვის. აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე. ბევრად ადვილია, ორი პოლიციელის დონეზე მოხდეს აღკვეთა, როცა მიიტანს ბლოკს და ჩამოცლის საშენ მასალას.

მარტო აფრიკის დასახლებებში ვერ ვხედავ პრობლემას. სამწუხაროდ, ბევრი არის და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. ყველაზე მთავარი არის ის, რომ თბილისში ჯერ კიდევ არ არის გამოყოფილი ურბანული ტერიტორიები სწორედ მსგავსი მშენებლობებისთვის“, – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა.

როგორც გენერალურ ინსპექციაში აცხადებენ, დემონტაჟის მიზეზი სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობებია.

დატოვე კომენტარი