ტორესა მოსი - „გირჩში“ არსებობს კრიზისი, რომელიც აღარ იმალება და, რომელიც ზურაბ ჯაფარიძის პირადი პასუხისმგებლობაა
„გირჩში“ არსებობს კრიზისი, რომელიც აღარ იმალება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტორესა მოსი „ფეისბუქში“ წერს.
ტორესა მოსი თავის ვრცელ პოსტში ეხება პარტიის წევრის, იაგო ხვიჩიას მოსაზრებას ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით:
„1. ბავშვთა პორნოგრაფია, თავისი არსით ძალადობრივი მოვლენაა. მასში მონაწილე ყველა რგოლი სხვადასხვა ფორმით მონაწილეობს ბავშვზე ძალადობაში.
2. როდესაც მომხმარებელი ცნობილ პორნო პლატფორმაზე შედის, რომელიც იცავს ამ ინდუსტრიაში არსებულ სამართლებრივ ჩარჩოს, მაშინაც კი თუ კონკრეტული ვიდეოს დასახელება ეუბნება, რომ მონაწილე ერთ-ერთი მსახიობი არასრულწლოვანს განასახიერებს, ამ ვიდეოს შეიძლება უყუროს იმ დაშვებით რომ უყურებს პორნო ვიდეოს, სადაც მსახიობები როლებს განასახიერებენ და რეალურად კადრში არ არის არასრულწლოვანი. აქ კანონდარღვევის ყველა რისკი და პასუხისმგებლობა ეკისრება ვებ გვერდს, რომელიც დეკლარირებულად აცხადებს რომ კანონს იცავს და მომხმარებელი მას ენდობა.
3. ბავშვთა პორნოგრაფია განსხვავდება ზემოთ აღწერილი შემთხვევისაგან, რადგან ამ შემთხვევაში მომხმარებელმა ზუსტად იცის რას ყიდულობს, ზუსტად იცის რაში იხდის ფულს და მიზანმიმართულად და შეგნებულად არის ძალადობის, ძალადობრივად შექმნილი პროდუქტის დამკვეთი და დამფინანსებელი და შესაბამისად ამ ძალადობის მონაწილეც და მასზე პასუხისმგებელიც.
4. როდესაც გირჩს ვაფუძნებდით, ბევრ რამეში შეიძლება გვქონოდა განსხვავებული შეხედულება, მაგრამ ცალსახად ვთანხმდებოდით, რომ სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება (ბედნიერებისკენ სწრაფვა) არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ძალადობა არანაირი ფორმით და არანაირ შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვიცავთ აგრესორისგან ადამიანის სიცოცხლეს, თავისუფლებასა და საკუთრებას, დასაშვები არ არის და ძალადობა არ ჯდება და არც შეიძლება ჯდებოდეს სიტყვის, აზრის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და შესაბამისად ვერც ამ უფლებით დაცული სიკეთე იქნება.
5. ბავშვთა პორნოგრაფიის როგორც დამამზადებელი, ისე გამავრცელებელი და შემძენი წარმოადგენს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ბოროტების და ძალადობის ჯაჭვის შემადგენელ ერთ მთლიანობას და ვერავის დავეთანხმები იმაში, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის შემძენსა და მომხმარებელს ამ ძალადობაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება და რამით ის შეიძლება განვიხილოთ ისე, როგორც ლეგალური პორნო პროდუქციის ჩვეულებრივი შემძენი. ზუსტად ისე, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი ან მკვლელობის შემკვეთი შეიძლება უშუალოდ არ მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქტებში და მხოლოდ ტელევიზორში უყურონ მათ მიერ დაფინანსებული ძალადობრივი აქტის გაშუქებას. ზუსტად ისე, როგორც ფეტიშის მქონე მანიაკს, რომელმაც ტერორისტული აქტი მხოლოდ იმიტომ დააფინანსა, რომ მასობრივ მკვლელობაზე ხურდება და ამაზე მასტურბირებს, ეს ფაქტი ვერ გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.
6. იმ დისკუსიიდან და აზრთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე, რაც გირჩში შიგნით, მის წევრებს შორის, მოჰყვა კონკრეტული ლიდერის ჩემი აზრით მცდარ, უდროო და პარტიის დამაზიანებელ განცხადებას, ეს პოზიცია ვერ იქნება გირჩის აზრის გამომხატველი ზოგადად. ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ გირჩში არსებობს კრიზისი, რომელიც აღარ იმალება და Zurab Girchi Japaridze პერსონალურად შენი პასუხისმგებლობაა ამის დალაგება და მოწესრიგება. საჯაროდ ვწერ იმიტომ რომ გულწრფელობაზე გვაქვს პრეტენზია და მე ადამიანებს დავპირდი, რომ თუ გირჩს ხმას მისცემდნენ, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ მათ ეს გადაწყვეტილება სანანებელი არ გახდომოდათ და მაქვს აბსოლუტური რწმენა, რომ მათ სრულ უმრავლესობას, პედოფილიაში მონაწილე პირთა მხარდაჭერისთვის არ მიუციათ ხმა და კიდევ ბევრი რამისთვის არ მიუციათ ხმა და რა ვიცი ჯაფარ მგონია რომ შენც უნდა გრძნობდე პასუხისმგებლობას იმ ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე ვინც შენ გენდო და შენ გამო შემოხაზა გირჩი.
Iago Khvichia ვაფასებ ყველაფერს, რაც საერთო იდეებისთვის გაგიკეთებია, თუმცა მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ ადამიანების წინაშე და მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სურვილი არ მქონდა რაიმე ფორმით ვყოფილიყავი ამ დისკუსიაში ჩაბმული, არანაირი გზა აღარ დარჩა ჩემი აზრით“, – აღნიშნულია ტორესა მოსის პოსტში.