ტომას ჰენდრიკ ილვესი - ესტონეთმა და საქართველომ წინაპრების იდეალებს უერთგულეს და თავისუფლება დაიბრუნეს
ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებელობის დღე მიულოცა. ტომას ჰენდრიკ ილვესის მიერ საქართველოს პრეზიდენტითვის გაგზავნილ წერილს ესტონური მედია ავრცელებს.
ილვესი თავის წერილში საქართველოს მოქალაქეებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ულოცავს და აცხადებს, რომ როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობას ერთხელ მოიპოვებს, მისი წართმევა წარმოუდგენელია.
„რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, თავად იოსებ სტალინი ლენინისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც საბჭოთა კავშირის ექსპანსიას ეხებოდა, წერდა რომ საბჭოთა კავშირში ვერასდროს შევლენ სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ საკუთარი დროშა და საელჩოები საზღვარგარეთ. მოგვიანებით ეს წერილიც გააქრეს, რადგან საბჭოთა კავშირი იქცა იმპერიალისტურ მტაცებლად. მაგრამ სტალინი მართალი იყო. როდესაც ხალხი იგრძნობს დამოუკიდებლობას, ისინი ამას არასდროს ივიწყებენ და ეს ხსოვნა თაობიდან თაობას გადაეცემა, სანამ ამის რეალიზაცია ხელახლა არ მოხდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი იმედი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის ვერასდროს შეაჩერეს. ამიტომ ესტონეთიც და საქართველოც დამოუკიდებლობის მოპოვების თარიღად არა 1991 წელს, არამედ 1918 წელს მიიჩნევენ. ჩვენ შევძელით დამოუკიდებლობის მოპოვება, ჩვენ ის გვქონდა, მაგრამ წაგვართვეს. ჩვენი წინაპრები იტანჯებოდნენ ამის გამო და სწორედ ამიტომ ჩვენ ვუერთგულეთ მათ იდეალებს და გვახსოვდა მათი მსხვერპლი, რათა დაგვებრუნებინა წართმეული, ის, რაც ჩვენია“, – წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და ესტონეთმაც წინაპრების მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობა დაიცვან.
„ჩვენი ქვეყანა უპირველეს ყოვლისა მომავალ თაობებს და ბავშვებს ეკუთვნით. აქედან მოდის ჩვენი ვალდებულებაც. როგორც რონალდ რეიგანმა თქვა, „ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, დავიცვათ დამოუკიდებლობა და გადავცეთ შემდეგ თაობებს, რომ მათაც იგივე გააკეთონ“. სწორედ ამ ფუნდამენტური ჭეშმარიტების გააზრება უდევს საფუძვლად საქართველოსა და ესტონეთის მეგობრობას. არა უბრალოდ სულელური „ერთა მეგობრობა“, რომელიც თავს იმპერიულმა მმართველმა მოგვახვია, არამედ თავისუფლების ერთობა, რომელიც გვაერთიანებს, როგორც ერებს, ისე ცალკეულ ადამიანებს. ეს არის ერთობა, რომელმაც 2008 წელს ასობით ათასი ესტონელი მიიყვანა ფესტივალზე, რათა თქვენი თავისუფლებისთვის ემღერათ. თავისუფლების ერთობა, რომელიც ამ წლების მანძილზე ჩვენს კავშირს უდევს საფუძვლად“, – წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი.