ტოჩინოშინი იაპონელ ჟურნალისტებს ქართული ღვინის საწარმოო პროცესს გააცნობს
ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი – ლევან გორგაძე, საქართველოში იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს სუმოს ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან ცაგურია – კოკაი დღეს იაპონიის წამყვან მედიასაშუალებებთან ერთად „დუგლაძეების ღვინის კომპანიას“ დაათვალიერებენ.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ღვინის ტურის ფარგლებში, ტოჩინოშინის სახელობის კასრში სამი წლით დასავარგებლად უმაღლესი ხარისხის ღვინო „საფერავი“ განთავსდება.
იაპონელ ჟურნალისტებს, რომლებიც საქართველოზე, როგორც ტოჩინოშინისა და კოკაის სამშობლოზე ფილმს იღებენ, ტოჩინოშინი ღვინის ექსპერტებთან ერთად გააცნობს წარმოების პროცესს.
იაპონელი ჟურნალისტები განსაკუთრებულ აქცენტს ქვევრის ღვინოზე აკეთებენ, რამდენადაც ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში იაპონურ სამზარეულოსთან ერთად მოხვდა.