უკვე მეხუთე დღეა, ატლანტის ოკეანის ფსკერზე გაუჩინარდა კერძო წყალქვეშა აპარატი, რომელსაც ხუთი ადამიანი ჩაძირული ტიტანიკის დასათვალიერებლად მიჰყავდა. 21 ივნისს, კანადურმა ჰიდროპლანმა 30-წუთიან ინტერვალებში მომავალი ბრახუნის ხმები დააფიქსირა და შესაბამის უწყებებს მონაცემები გაუგზავნა, რათა მისი წყარო დაედგინათ.
აშშ-ის სანაპირო დაცვის შეფასებით, ხომალდში ხუთი ადამიანისთვის საკმარისი ჟანგბადის მარაგი უკვე უნდა ამოწურულიყო, მაგრამ სამაშველო ჯგუფები ძებნას მაინც განაგრძობენ. დაკარგული ეკიპაჟის წევრები არიან — ბრიტანელი მილიარდერი და თავგადასავლების მაძიებელი ჰამიშ ჰარდინგი; პაკისტანელ-ბრიტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი სულეიმანი; ხომალდის მფლობელი კომპანია OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი სტოკტონ რაში და წყალქვეშა აპარატების ფრანგი პილოტი პოლ-ანრი ნარჟოლე.
სტატიაში მოგითხრობთ ყველაფერს, რაც გაუჩინარებული წყალქვეშა აპარატისა და მისი ძებნის შესახებ არის ცნობილი; ასევე შემოგთავაზებთ ექსპერტთა მოსაზრებებს, თუ რა შეიძლება დამართოდა მას.
რა არის წყალქვეშა აპარატი „ტიტანი“?
„ტიტანი“ ხუთკაციანი კვლევითი წყალქვეშა აპარატია, რომელსაც ფლობდა და ამუშავებდა OceanGate — კერძო კომპანია, რომელიც მისივე ვებგვერდის თანახმად, აწარმოებს კომერციული, კვლევითი და სამხედრო დანიშნულების წყალქვეშა აპარატებს.
აპარატი ხუთ ადამიანს იტევს, რომელშიც როგორც წესი, შედიან პილოტი და ეკიპაჟის ოთხი წევრი. ხომალდის სიგრძე 6,7 მეტრია, წონა 10 400 კგ, შეუძლია წყალქვეშ 4000 მეტრზე ჩასვლა, ავითარებს 5,6 კმ/სთ სიჩქარეს.
მსხვილ საზღვაო ოპერატორთა უმეტესობა გემების კლასიფიკაციის საზოგადოებათა მიერ დადგენილ სტანდარტებს მიუყვება, მაგრამ არ არსებობს კანონიერი მოთხოვნა ამ კლასიფიკაციაში ჩაჯდომის შესახებ.
„ტიტანი“ შეკვეთით დამზადებული, ექსპერიმენტული ხომალდია, რომლის დიზაინიც კლასიფიცირებული არ ყოფილა. დამზადებულია ტიტანისა და ძაფისებურად დახვეული ნახშირბადის ბოჭკოსგან და გარედან არის დალუქული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შიგნით მყოფ ეკიპაჟს მისი გახსნა არ შეუძლია; იმისათვის, რათა ისინი გარეთ გამოვიდნენ, ლუქი სხვებმა, გარეთ მყოფებმა უნდა გახსნან.
წყალქვეშა აპარატს აქვს ოთხი ელექტროძრავა, რომლებსაც Logitech-ის გეიმინგ კონტროლერი მართავს. გარდა ამისა, წყალქვეშ ჩასვლის ოპერაციებისას, OceanGate ილონ მასკის Starlink-ის თანამგზავრულ ტექნოლოგიას იყენებს. „ტიტანს“ ჩასვლისა და ზედაპირზე დაბრუნების მრავალი მეთოდი აქვს, მათ შორის, პროპელერები; მოტივტივე ავზები, რომლებიც წყლით ან ჰაერით არის სავსე; და წონა, რომელიც შეიძლება მოიშოროს, რათა ამომგდები ძალა დადებითი გახდეს.
მაშუქების ნაკრების, ლაზერული და სონარული სკანერების, ასევე გარეთ დაყენებული კამერების წყალობით, ეკიპაჟის წევრებს ხომალდიდან ღრმა ზღვის სიბნელეში იქაურობის დანახვა შეუძლიათ.
ამას გარდა, მგზავრებს პირდაპირ „ტიტანის“ გასახედი ნაწილიდან ჭვრეტაც შეუძლიათ — 31,2 სმ დიამეტრის მქონე წნევაგამძლე ფანჯრიდან, რომელიც OceanGate-ის განცხადებით, ამ სახის უდიდესი საჭვრეტი ფანჯარაა ღრმა ყვინთვის წყალქვეშა აპარატებში. მისი მწარმოებლის თანახმად, ის უსაფრთხოა 1300 მეტრის სიღრმემდე. ტიტანიკი 3800 მეტრის სიღრმეზეა ჩაძირული.
ქვედა მხარეს განთავსებული წნევის სენსორები კორპუსის სტრუქტურულ მთლიანობას აკონტროლებს. კომპანიის განცხადებით, თუკი ეს სენსორები განსაზღვრავენ, რომ კორპუსში სიტუაცია სიცოცხლისთვის სახიფათო გახდა, ხომალდი უსაფრთხოდ ბრუნდება ზედაპირზე.
რა შეიძლება მოსვლოდა გაუჩინარებულ წყალქვეშა აპარატს?
ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ რა შეიძლება მოსვლოდა „ტიტანს“, მაგრამ ექსპერტები მისი გაუჩინარების რამდენიმე შესაძლო სცენარს ასახელებენ. მათ შორის არის კრახი ელექტრომომარაგებაში, კორპუსის რღვევა, ამინდის გვერდითი ეფექტები, ანდაც ხომალდი ტიტანიკის ნამსხვრევებს დაეჯახა.
სიდნეის უნივერსიტეტის საველე რობოტიკის ავსტრალიური ცენტრის პროფესორი სტეფან უილიამსი ვარაუდობს, რომ „ყველაზე უარესი შემთხვევის სცენარის მიხედვით, მისმა საცხოვრებელმა ნაწილმა წნევის კატასტროფული კრახი განიცადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ტიტანის კომპოზიტური კორპუსი ისეა აგებული, რომ ღრმა ზღვის ძლიერ წნევას გაუძლოს, მისი მთლიანობა შეიძლება დაარღვიოს ნებისმიერმა დეფექტმა ფორმაში ან აგებულებაში. ამ შემთხვევაში, არსებობს აფეთქების რისკი“, — წერს უილიამსი გამოცემა The Conversation-ში გამოქვეყნებულ წერილში.
უილიამსი ასევე წერს, რომ მოკლე ჩართვის შედეგად, ბორტზე შეიძლება ხანძარიც გაჩენილიყო, რაც წყალქვეშა აპარატის ელექტროსისტემას მწყობრიდან გამოიყვანდა.
დამხმარე გემებმა წყალქვეშა აპარატთან კავშირი ტიტანიკის ჩაძირვის ადგილას მისი 2,5-საათიანი ჩაშვებიდან 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ დაკარგეს. ტიტანიკის ნამსხვრევები ფსკერზე, ზედაპირიდან 3800 მეტრის სიღრმეშია, აშშ-ის კეიპ-კოსრის ნახევარკუნძულიდან 1500 კილომეტრში.
მოგზაურობამდე, ჰარდინგი წერდა, რომ წყალქვეშ ჩასვლა განსაკუთრებით მკაცრი ზამთრის შემდეგ, ძლიერ ცუდ ამინდებს შორის გამოსულ ხანმოკლე კარგი ამინდის დროს ხორციელდებოდა.
„ბოლო 40 წლის განმავლობაში კუნძულ ნიუფაუნდლენდზე ყველაზე მკაცრი ზამთრის გამო, ეს მისია სავარაუდოდ ტიტანიკთან პირველი და ერთადერთი პილოტირებული მისია იქნება 2023 წელს. როგორც იქნა, ამინდის ფანჯარა გაიხსნა და სავარაუდოდ, წყალქვეშ ჩასვლას ხვალ შევეცდებით. კანადის კუნძულ ნიუფაუნდლენდის ქალაქ სენტ-ჯონსიდან გუშინ გამოვედით და ჩაყვინთვის ოპერაციას ხვალ დილის 4 საათზე დავიწყებთ“, — წერდა ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი, ბრიტანელი მილიარდერი და თავგადასავლების მაძიებელი ჰამიშ ჰარდინგი 17 ივნისს Instagram-ზე.
კიდევ ერთი შესაძლებლობა ის არის, რომ მას შემდეგ, რაც ზედაპირზე მყოფ გემ Polar Prince-თან კავშირი დაკარგა, აპარატი შეიძლება დაიკარგა. „ტიტანის“ ნავიგაცია ზედაპირთან მუდმივ კონტაქტზეა დამოკიდებული.
CBS News-ის კორესპონდენტი დევიდ პოგი, რომელმაც „ტიტანით“ წინა მისიაში იმოგზაურა, ამბობს, რომ ხომალდს მაშინაც შეემთხვა კავშირის დაკარგვის ინციდენტი — რის გამოც, მთელი 2,5 საათით დაიკარგა.
რამდენად რთული იქნება „ტიტანის“ პოვნა
ამჟამად „ტიტანს“ ორი საჰაერო ხომალდი, წყალქვეშა ნავი და ჰიდროლოკატორული ტივტივები ეძებენ, აშშ-ის სანაპირო დაცვის განცხადებით, მათმა ხომალდებმა დაახლოებით კონექტიკუტის შტატის ზომის ტერიტორია იფრინეს აპარატის ნიშნების საძებნელად. როგორც უილიამსი განმარტავს, წყალქვეშა აპარატს სიგნალების გასაგზავნად და მისაღებად უნდა ჰქონოდა ტრანსპონდერი და მიმღებ-გადამცემი.
„ასეთი კავშირი წყალქვეშა აკუსტიკური პოზიციონირების საშუალებას იძლევა, ასევე შესაძლებელია, ზედაპირზე მყოფი ხომალდისთვის მცირე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და მიღება, მაგრამ ასეთი მონაცემები შეზღუდულია და ძირითადად შემოიფარგლება საბაზისო ტელემეტრიითა და სტატუსის შესახებ ინფორმაციით“, — წერს უილიამსი.
21 ივნისს, კანადურმა თვითმფრინავმა P8 Poseidon-მა 30-წუთიანი ინტერვალის ბრახუნის ხმები დააფიქსირა, რომლებიც ოთხი საათის შემდეგ კვლავ განმეორდა.
პორტსმუთის უნივერსიტეტის ღრმა ზღვის ეკოლოგი და საზღვაო ბიოლოგი ნიკოლაი როტერმენი აღნიშნავს, რომ 30-წუთიანი ინტერვალები „ნამდვილად შესაბამისობაშია მოსაზრებასთან, რომ გამომწყვდეული ეკიპაჟი გარესამყაროსთან კავშირს ცდილობდა, ამავე დროს ისე, რომ ზოგავდნენ ენერგიას და ჟანგბადს“.
მისივე განცხადებით, თუ მართლაც ასეა, ეს იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ წყალქვეშა აპარატი ზღვის ფსკერზეა და კრახი განიცადა მისი წონის შემსუბუქების სისტემამ, ანდაც „ტიტანი“ რაღაცნაირად სადღაც გაიჭედა.
დევიდ პოგის განცხადებით კი, აპარატს არ აქვს სონარული შუქურა, რომელიც ზედაპირზე საგანგებო პულსებს გაგზავნიდა.
შესაძლებელია თუ არა გადარჩენა
თუკი „ტიტანი“ იპოვეს, ეკიპაჟის წევრთა გადარჩენა მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება, ამავე დროს რეკორდულიც. ოკეანეში ყველაზე ღრმად ჩატარებული სამაშველო ოპერაცია ისტორიაში, 1973 წელს განხორციელდა. ეს იყო კანადური წყალქვეშა აპარატის, Pisces III-ოს და მისი ეკიპაჟის ორი წევრის 480 მეტრის სიღრმიდან ამოყვანა ირლანდიის სანაპიროსთან. ეს სიღრმე დაახლოებით რვაჯერ ნაკლებია იმაზე, რა სიღრმეზეც შეიძლება „ტიტანი“ იყოს.
20 ივნისს, კომპანია Deep Energy-ს კაბელების გამყვანმა ხომალდმა ძებნის ზონაში დისტანციურად მართვადი წყალქვეშა აპარატი (ROV) ჩაუშვა. მალე მას სხვა ასეთი აპარატებიც შეუერთდნენ.
ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემია საფრანგეთის ხომალდი L’Atalante, რომელმაც 22 ივნისს ღრმა ყვინთვის რობოტი Victor 6000 ჩაუშვა ხმაურის წყაროს შესასწავლად. რობოტი 6000 მეტრის სიღრმეზე ჩადის და შეუძლია, აპარატი გაათავისუფლოს, თუ ის სადმეა გაჭედილი.
დისტანციურად მართვადი საკუთარი წყალქვეშა აპარატი ჩაუშვა კანადურმა გემმა Horizon Arctic-მაც, რომელიც ოკეანის ფსკერზე ჩავიდა და ახლა იქ ეძებს გაუჩინარებულ „ტიტანს“.
გემებსა და დისტანციურად მართვად წყალქვეშა აპარატებს სხვა ხომალდები ტიტანიკის სიღრმიდან ამოყვანილი ჰყავთ. მაგალითად, აშშ-ის გამანადგურებელი, რომელიც შარშან სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან, 3780 მეტრის სიღრმიდან ამოიღეს. დისტანციურად მართვადმა წყალქვეშა აპარატმა ავიაგამანადგურებელი ბადეში გაახვია და ის ზედაპირზე მდგარი გემის კაუჭს გამოსდო, რომელმაც ის შემდეგ ზემოთ ასწია.
რა განსხვავებაა წყალქვეშა აპარატსა და წყალქვეშა ნავს შორის
აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) მონაცემებით, წყალქვეშა ნავებისგან განსხვავებით, წყალქვეშა აპარატებს პორტიდან დამოუკიდებლად გასვლა და უკან დაბრუნება არ შეუძლიათ. ისინი დამოკიდებული არიან დამხმარე გემებზე, რომლებსაც ისინი ჩაშვების ადგილამდე მიჰყავთ, შემდეგ კი უკან მოჰყავთ.
„ტიტანის“ დამხმარე გემია Polar Prince, რომელთანაც ის რეგულარულ კავშირზე იყო კონტაქტის გაწყვეტამდე.
ტიტანიკთან „ტიტანის“ წინა მისიის ეკიპაჟის წევრის, ამერიკელი პროდიუსერის, მაიკ რაისის განცხადებით, მოგზაურობის რისკიდან გამომდინარე, მგზავრები ტურნეს დაწყებამდე ხელს აწერენ დოკუმენტს შესაძლო სიკვდილის თაობაზე.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.