თინათინ ბერძენიშვილი - „საქართველოს ფოსტასთან“ თანამშრომლობით გამოიცა პირველი არხის მარკა, რომელიც კარგად ასახავს საქართველოს ტელემაუწყებლობის ისტორიას
ტელემაუწყებლობის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „საქართველოს ფოსტასთან“ თანამშრომლობით გამოიცა პირველი არხის მარკა, რომელიც კარგად ასახავს საქართველოს ტელემაუწყებლობის ისტორიას, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს მარკა კოლექციონერების რიგებშიც დაიკავებს სათანადო ადგილს.
„ტელემაუწყებლობის დაწყება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული მედიის ისტორიაში. 1956 წლის 30 დეკემბერს თბილისის ტელეანძიდან პირველი სატელევიზიო სიგნალი გადაიცა. საიუბილეო წელს, ჩვენი სურვილი იყო, ეს მოვლენა ხელშესახები გაგვეხადა და „საქართველოს ფოსტასთან“ თანამშრომლობით გამოიცა მარკა. საქართველოდან ან საქართველოსთვის გზავნილების განხორციელება ახლა უკვე პირველი მაუწყებლის მარკით არის შესაძლებელი.
ამ პროექტზე საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით და საბოლოო ჯამში, გამოვიდა ესკიზი, რომელიც კარგად ასახავს საქართველოს ტელემაუწყებლობის ისტორიას. მნიშვნელოვანია, რომ კოლექციონერებისთვის, რომლებიც აგროვებენ საფოსტო მარკებს, მათ რიგებშიც დაიკავებს სათანადო ადგილს“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
პირველი არხის მარკა 25 000-იანი ტირაჟით გამოიცა. ის უკვე მიმოქცევაშია და მსურველებს შეძენა „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ ფილიალში შეუძლიათ.