თინა ბოკუჩავა - ვენეციის კომისიის რეკომენდაციის უგულებელყოფა არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟი
თინა ბოკუჩავა - ვენეციის კომისიის რეკომენდაციის უგულებელყოფა არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟი

ვენეციის კომისიის დასკვნა ამბობს, რომ რუსული კანონის შინაარსიც, მისი მიღების ფორმაც არის ანტიდემოკრატიული და, შესაბამისად, ანტიევროპული. ის პირდაპირ პარალელს ავლებს კრემლის კანონთან და ამბობს, რომ ამერიკულ კანონთან არაფერი აქვს საერთო აღნიშნულ კანონს, რუსულ კანონს არაფერი აქვს საერთო არც ნებისმიერი სხვა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ძალიან მოკლედ განვმარტო, რომ ვენეციის კომისია ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ორგანოა საკონსტიტუციო და სამართლებრივ საკითხებში, რომელიც ჯერ კიდევ 1990 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ასობით დასკვნა აქვს დაწერილი ევროპის საბჭოს ქვეყნების კანონმდებლობის შესახებ. ეს არის ყველაზე მაღალი რანგის ევროპული სამართლებრივი შეფასების ორგანო, რომლის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე პირდაპირ საუბრობს ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაში. მარტივად რომ ვთქვათ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის უგულებელყოფა არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟი. ივანიშვილის რუსული ხელისუფლება უსახური ლოიალისტების გამოყენებით არამცთუ ამბობს ღიად, რომ ის არ შეასრულებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, არამედ თავს ესხმის ვენეციის კომისიას და ეჭვქვეშ აყენებს მის კომპეტენციას“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, დასკვნაში წერია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

„სახელისუფლებო ანტიევროპული პროპაგანდის საპირწონედ ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს, რა წერია ამ 24-გვერდიან დასკვნაში, რომელიც გამოქვეყნდა გუშინ. ის ამბობს, რომ რუსული კანონი არ აკმაყოფილებს ლეგალურობის, ლეგიტიმურობის, განჭვრეტადობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ის ამბობს, რომ რუსული კანონი ზღუდავს გამოხატვის, შეკრებისა და პირადი ცხოვრების თავისუფლებას, რაც დაცულია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით და სხვა ევროპული და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით. ის ამბობს, რომ რუსული კანონის შინაარსიც და მისი მიღების ფორმაც არის ანტიდემოკრატიული და, შესაბამისად, ანტიევროპული. ის პირდაპირ პარალელს ავლებს კრემლის კანონთან და ამბობს, რომ ამერიკულ კანონთან არაფერი აქვს საერთო აღნიშნულ კანონს, არაფერი აქვს საერთო რუსულ კანონს არც ნებისმიერი სხვა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობასთან. დაბოლოს, ვენეციის კომისია ღიად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს რუსული კანონი მისი ფუნდამენტური და, შესაბამისად, გამოუსწორებელი ნაკლოვანებების გამო. ამით ევროპის მთავარი ვერდიქტი რუსულ კანონზე, რომელიც უმაღლესი რანგის სამართლებრივი არგუმენტებით არის გამყარებული, ასახავს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, პრეზიდენტის ვეტოს ლოგიკას და ამბობს, რომ ეს კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება და გამოსავალი მხოლოდ მისი გაუქმებაა, მოცემულ მომენტში კი – პრეზიდენტის ვეტოს გაზიარება და კანონის მოქმედების დაუშვებლობა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.