თინა ბოკუჩავა - მოქმედ დეპუტატს ვერ შეუზღუდავენ სადეპუტატო საქმიანობის განხორციელებას, ეს არის არაკონსტიტუციური
თინა ბოკუჩავა - მოქმედ დეპუტატს ვერ შეუზღუდავენ სადეპუტატო საქმიანობის განხორციელებას, ეს არის არაკონსტიტუციური

მოქმედ დეპუტატს ვერ შეუზღუდავენ სადეპუტატო საქმიანობის განხორციელებას, ეს არის არაკონსტიტუციური, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ეშინია ნიკა მელიასი და სწორედ ამიტომ დააანონსა დეპუტატების ხელით მელიას დაჭერა.

„ნიკა მელიასი ბიძინა ივანიშვილს ეშინია, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ასე შეერცხვინა მთელი პარლამენტი და გამოეჩინა მისი დეპუტატების სახე. მათი ხელით დაჭერა დააანონსა ივანიშვილმა და შემდგომ შეეშინდა ზეწოლის, აღარ დაიჭირა ნიკა მელია. გასაგებია, რომ ივანიშვილის ნიკა მელიასი, მათ შორის, მისი საჯარო გამოსვლების და აქტივობის ეშინია, თუმცა ასეთი მოქმედება იქნება არაკონსტიტუციური“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას გუშინ 300 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.  მოსამართლის, თემურ გოგოხიას გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება ეკრძალება.

„სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს გირაო. გირაოს თანხად განისაზღვროს 30 000 ლარი, რომლის შეტანის ვადად დადგინდეს 20 დღე. ბრალდებულ ნიკანორ მელიას აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მასვე დაეკისროს საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩაბარების უფლება“,- განაცხადა მოსამართლემ.