მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება ეკრძალება
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება ეკრძალება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თემურ გოგოხიას გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება ეკრძალება.

ამის შესახებ მოსამართლემ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას განმარტა.

„სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს გირაო. გირაოს თანხად განისაზღვროს 30 000 ლარი, რომლის შეტანის ვადად დადგინდეს 20 დღე.

ბრალდებულ ნიკანორ მელიას აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მასვე დაეკისროს საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩაბარების უფლება“,- განაცხადა მოსამართლემ.

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამასთან, გუშინ, პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 აგვისტოს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.