Times - პუტინის დაპატიჟება ავსტრიელი მინისტრის ქორწილში, ავსტრიის იმიჯზე უარყოფითად აისახება
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილში რუსეთის პრეზიდენტის დაპატიჟება ამ ქვეყნის იმიჯს მნიშვნელოვნად დააზარალებს, ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Times-ი წერს.
სტატიის ავტორი ფიქრობს, რომ ავსტრიის პირველმა დიპლომატმა, კარინ კნაისელმა შეცდომა დაუშვა, როცა საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე რთული პროცესებისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, ვლადიმერ პუტინი საკუთარ ქორწილში დაპატიჟა.
„პუტინი ცდილობს, მსოფლიო დაარწმუნოს, რომ იგი დასავლეთისგან იზოლირებული ავტორიტარი ლიდერი არასოდეს იქნება. მან იცის, რომ ის ევროკავშირში არ უყვართ, თუმცა ავსტრიის მთავრობა ბოლო დროს პუტინის სასარგებლო განცხადებებით გამოირჩევა. ავსტრიის პრემიერ სებასტიან კურცს სურს, რომ რუსეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელ ხიდად იქცეს“, – წერს ბრიტანული გამოცემა.
სტატიაში განხილულია ავსტრიის დღევანდელი მთავრობისა და რუსეთის მმართველი პარტიის კავშირი.
ავსტრიის მთავრობა ითხოვს, ბრიუსელმა მოსკოვის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის გამო 2014 წელს დაწესებული სანქციები შეამსუბუქოს.
„როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი მზადაა, ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით ისარგებლოს და ამისთვის კნაისელის ქორწილი გამოიყენოს. არ არის გამორიცხული, რომ მან ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ავსტრიელი ბიზნესმენის ქორწილში, სადაც უსაფრთხოების წესებს სპეცრაზმი იცავს, სწორედ რუსეთისთვის სანქციების შემსუქბუქების საკითხი განიხილოს“, – წერია Times-ის სტატიაში.
ზემოთ ხსენებული ვერსია ბრიტანული ანალიტიკური გამოცემა Times-ის ჟურნალისტს ევროპარლამენტის წევრმა, მიშელ რაიმონმაც დაუდასტურა.
შეგახსენებთ, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარინ კნაისელმა რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ქორწილში დაპატიჟა, რომელიც დღეს, 18 აგვისტოს გაიმართება.