თიკა რუხაძე - რაც მეტ ტყუილს მოიფიქრებთ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დიდი გუნდი უფრო მეტ და მაგარ საქმეს გავაკეთებთ
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე ერთ-ერთ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება, თითქოს სასახლეს ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს. თიკა რუხაძე „ფეისბუქში“ წერს, რომ ეროვნული სასახლე უკვე 78 წელია, არის მოსწავლე ახალგაზრდობის მთავარი და უნიკალური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი და ეს მუდამ ასე იქნება.
„ძვირფასო მეგობრებო, მედიისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება ყველამ კარგად იცით. ისიც იცით, რომ თავად ბევრი წელი ვიმუშავე სხვადასხვა მედიასაშუალებებში. ამიტომაც მყავს ბევრი მეგობარი ამ სფეროდან და იმედია ყველა კარგად მიხვდება, რაზე ვწერ. მთავარი პრინციპი, რაც მედიას მოეთხოვება, არის სანდოობა. ნებისმიერი მედიისთვის მნიშვნელოვანია, გადამოწმებული ინფორმაცია მოიძიოს. სირცხვილია ე.წ. ფეიკ ნიუსებით არსებობა და ამის ტირაჟირებაზე ხომ საერთოდ აღარ ვისაუბრებ. ვფიქრობ, ნებისმიერი ჟურნალისტის პროფესიული ღირსების საკითხია სიახლის მოძიება, ინფორმაციის შემოწმება, წყაროებისა და ფაქტების გადამოწმება. მოკლედ, მორიგი ტყუილის სამიზნე ისევ სასახლე გახდა. ვფიქრობ, სირცხვილია შენების ნგრევად გამოცხადება და სირცხვილია, რომ წესების გარეშე გამოცხადებულ პოლიტიკურ ბრძოლაში ისევ სასახლის ჩართვას ცდილობენ. მორიგ „თხზულებაზე“ პასუხი გვაქვს, თუმცა არავის უკითხავს და არც არავინ დაინტერესებულა. ამიტომაც კიდევ ერთხელ აქ დავწერ, რომ ეროვნული სასახლე უკვე 78 წელია, არის მოსწავლე ახალგაზრდობის მთავარი და უნიკალური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი და ეს ასე იქნება მუდამ. ყველამ კარგად იცის, რომ სასახლე წინ მიდის და მუდმივად სიახლის ძიებაში ვართ, რომ სისტემური განახლება მოხდეს. ამასთან ერთად, თბილისის მერიამ რეაბილიტაცია დაიწყო. ეს პროცესი ვერ შეჩერდება და ვერავითარი პროვოკაცია და ტყუილი ამას ვერ შეაფერხებს. საქმის და განახლების კი ვისაც ეშინია, კარგად ვიცით. სწორედ მათთვის ვაცხადებ, რომ რაც მეტ პროვოკაციას და ტყუილს მოიფიქრებთ, ეროვნული სასახლის დიდი გუნდი უფრო მეტ და მაგარ საქმეს გავაკეთებთ!“ – წერს თიკა რუხაძე და აღნიშნავს, რომ ლინკს საგანგებოდ არ დებს, რათა ხელი არ შეუწყოს ამ ტიპის მედიასაშუალებების რეიტინგებისა და ე.წ. მოთხოვნადობის ზრდას.