„თიბისი ბანკის“ დირექტორის ყოფილი მოადგილე ვერ იხსენებს სესხის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს
„თიბისი დაზღვევის“ ხელმძღვანელი, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე პაატა ღაძაძე მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
ღაძაძის თქმით, მას არ ახსოვს 2008 წელს კონკრეტულ კომპანიაზე სესხის გაცემის დეტალები, თუმცა ამბობს, რომ კომპანიას, რომელზეც საუბარია, 17 მილიონზე მეტიც აუღია, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ ბევრი სესხი ჩამოიწერა.
„არ ვიცი, რაზე საუბრობენ. ჩემი აზრით, რაღაცას აკლებენ და არასწორი ინფორმაციაა. ჯერ ერთი, ძალიან დიდი ხნით ადრე არის, არც მახსოვს დეტალები, პიარს უფრო ჰგავს, ვიდრე რაღაც დოკუმენტებთან დაკავშირებულს. ნამდვილად არ მახსოვს, 2008 წელს რა მოხდა და როგორ იყო. 17 მილიონი კი არა, გაცილებით მეტი წაუღია მაგ კომპანიას და მუდმივად იღებდა ხოლმე. ზუსტად არ მახსოვს, კონკრეტულად ამ სესხზე რა ხდებოდა. ჯერ ერთი, ომის შემდეგ იმდენი სესხი ჩამოიწერა, ვის რა ახსოვს, რომელ კომპანიაზე იყო. ომის შემდეგ მოხდა გაცილებით ბევრი კომპანიისთვის სესხის ჩამოწერა, ვიდრე ერთია და ეს ერთი რატომ ფიგურირებს არ ვიცი. ნამდვილად არ მახსოვს, ეს კომპანია იყო თუ არა“, – აცხადებს ღაძაძე.
მისივე თქმით, აღნიშნული პერიოდი რამდენჯერმე შემოწმდა ეროვნული ბანკის მიერ და შესაბამისი დასკვნებიც არსებობს.
„მაშინ არაფერი ყოფილა. ეს დოკუმენტები შესწავლილი აქვს საერთაშორისო აუდიტორებსაც. ეროვნული ბანკი სხვადასხვა თანხებზე ბანკებს აჯარიმებს, თუმცა რამდენად არის ამასთან კავშირში, ვერ გეტყვით“, – განაცხადა პაატა ღაძაძემ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M“-მა, „თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან.
ამასთან, „თიბისი ბანკმა“ დღეს დაადასტურა, რომ ეროვნულმა ბანკმა 1 მილიონი ლარით დააჯარიმა.