„თიბისი ბანკი“ ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა ერთი მილიონი ლარით დააჯარიმა
„თიბისი ბანკი“ ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა ერთი მილიონი ლარით დააჯარიმა

„თიბისი ბანკი“ ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა ერთი მილიონი ლარით დააჯარიმა, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „თიბისი ბანკის“ ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა.

ბანკის ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია, გამოიყენებს თუ არა ეროვნული ბანკი დამატებით სანქციებს. ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ჯარიმა უკვე გასაჩივრებულია და სასამართლომ მისი გადახდის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკი 2007 და 2008 წლის ცალკეულ გადარიცხვებს სწავლობს. ეს გადარიცხვები კი, ეროვნული ბანკის მოსაზრებით, ბანკსა და იმ კომპანიებს შორის განხორციელდა, რომლებიც „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელ პირებთან არის დაკავშირებული.

ბანკის ცნობით, საქმე 2008 წელსაც შეისწავლეს, თუმცა მოკვლევა შედეგის გარეშე დასრულდა.

„გამოძიება დაიწყო პროკურატურამაც. „თიბისი ბანკი“ უარყოფს ბრალდებებს და გეგმავს, დაიცვას საკუთარი პოზიცია“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

გენერალურ პროკურატურაში გუშინ დაადასტურეს ინფორმაცია, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. როგორც უწყებაში ამბობენ, ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებულია გარკვეული დოკუმენტაცია. პროკურატურაში სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ, თუმცა დღეს „თიბისი ბანკის“ მიერ ქართულ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურის მიერ დოკუმენტების ამოღება 2008 წლის საბანკო ოპერაციას ეხება.