თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა, ანდრე ქუჯაიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ცეცხლი მარილის საწყობში 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე იყო გავრცელებული.
„შეტყობინება შემოვიდა. იწვოდა 500-600 კვადრატული სასაწყობე ფართი, სადაც დიდი რაოდენობით მარილი იყო. ადგილზე მობილიზებული იყო 11 სახანძრო ჯგუფი, ორი – სამაშველო. დაახლოებით 50 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ხანძარი ლიკვიდირებულია. არავითარი საფრთხე აღარ ემუქრება. შიგნით არაფერი იყო. მხოლოდ მარილი იყო მოთავსებული“, – აღნიშნა ანდრე ქუჯაიძემ.
მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა.
ფოტო: მირიან მელაძე