თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს
თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები წვრთნების ბოლოს უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიწოდებას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
სალივანმა დაადასტურა, რომ არსებობს წერილი, რომელიც ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა. აღნიშნული წერილით სახელმწიფო მდივანი გამოხატავს აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე.
„ეს არის ბუნებრივი გაგრძელება იმისა, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა ჰიროსიმაში“, – აღნიშნა სალივანმა.
ივლისში 11-მა პარტნიორმა ქვეყანამ, უკრაინასთან ერთად, ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადებას გულისხმობს. წვრთნები აგვისტოში უნდა დაიწყოს, თუმცა, მედიის ცნობით, შეერთებულ შტატებს ჯერ არ დაუმტკიცებია საბოლოო სასწავლო გეგმა, რადგან ევროპული სახელმწიფოები ჯერჯერობით ყველა დეტალზე არ შეთანხმებულან.