თეთრი სახლი - მოჰყვება თუ არა ჩინეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის საუბარს რაიმე მნიშვნელოვანი სამშვიდობო გეგმა, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია
ჯერ კიდევ გასარკვევია, მოჰყვება თუ არა ჩინეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის საუბარს რაიმე მნიშვნელოვანი სამშვიდობო გეგმა, – ასე ეხმაურება თეთრი სახლი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლომიდირ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის სატელეფონო საუბარს.
„ეს ძალიან კარგია, მაგრამ მიგვიყვანს თუ არა ეს მშვიდობისკენ რაიმე მნიშვნელოვან ნაბიჯამდე, გეგმამდე ან წინადადებამდე, ჯერ არ ვიცით. ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ, რომ გვინდა ამ ომის დასრულება და იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გავა უკრაინიდან, ის შეიძლება, დაუყოვნებლივ დასრულდეს. მაგრამ ახლა ეს ასე არ ჩანს“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა ჩინეთს დახმარება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში, კირბიმ უპასუხა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება მშვიდობის დამყარების ნებისმიერ მცდელობას, თუ ეს მშვიდობა უსაფრთხო და ხანგრძლივია, ხოლო სამშვიდობო მოლაპარაკებები მაშინ გაიმართება, როცა პრეზიდენტი ზელენსკი ამისთვის მზად იქნება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართა და ის დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.