„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტები პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლას გეგმავენ
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი დავით სუბელიანი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლას გეგმავენ.
როგორც დავით სუბელიანი აცხადებს, მთავარი მოთხოვნა ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის ძირეული ცვლილებაა.
„იქნება პროცესები, სადაც ჩვენ კუთხეში უნდა მივიყვანოთ ხელისუფლება. უკვე არსებული კრიზისი კიდევ უფრო თვალსაჩინო გავხადოთ და მივაღებინოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მისაღებია. ჩვენ არ ვაპირებთ დაშლას, კარვებს მოვიტანთ მალე”, – განაცხადა დავით სუბელიანმა.
მისივე თქმით, დღევანდელ აქციაზე პოლიცია არ არის აგრესიული და აქტივისტებს ქუჩის გადაკეტვის საშუალება მისცეს.
„ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო, პოლიციამ შემოგვთავაზა ჩვენ ჩავსულიყავით მათთან და გვესაუბრა, არ მივიღეთ ეს შემოთავაზება. შემდეგ თვითონ ამოვიდნენ და გვითხრეს, რომ ქუჩის გადაკეტვის საშუალებას არ მოგვცემდნენ. არ შედგა ეს მოლაპარაკება. გვითხრეს, შეგვიძლია თქვენი დარბევა, მაგრამ არ დაგარბევთ. ვუთხარით, რომ ქუჩის დაკავებას ვგეგმავდით, არ დაგვთანხმდნენ. გავრისკეთ და დავიკავეთ ქუჩა, პოლიციამ გაითვალისწინა, ეს არის ძალიან კარგი, რაც დიალოგის პირველი ნიშანია”, – განაცხადა სუბელიანმა.
რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ“ მიმდინარეობს.