ტერორიზმში ბრალდებულმა აფეთქებამდე სოციალურ ქსელში ტრამპის მისამართით გაფრთხილება გამოაქვეყნა
ტერორიზმში ბრალდებულმა აკაიედ ულამ, აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის მისამართით გაფრთხილება გამოაქვეყნა.
„ტრამპ, შენ ვერ შეძელი შენი ერის დაცვა“, – ეს ჩანაწერი ფედერალურმა პროკურორებმა გამოძიების პროცესში აღმოაჩინეს და სასამართლოში წარადგენენ.
სამშაბათს აკაიედ ულამ მანჰეტენის აღმოსავლეთ ნაწილში „თაიმს სქვერის“ მახლობლად სხეულზე მიმაგრებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. აფეთქების შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის, თავად თავდამსხმელი.
როგორც გამოცემა New York Times-ი წერს, ულამ დაკითხვაზე სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მან თავდასხმის მცდელობა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ იდეების შთაგონებით განახორციელა.
გამოძიების წინასწარი მონაცემებით, თავად თავდამსხმელს ტერორისტულ დაჯგუფებასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა.
ეს ნიუ იორკში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველი თავდასხმა არ არის. ოქტომბერში 29 წლის უზბეკი იმიგრანტი საიფულო საიპოვი მანჰეტენზე ფურგონით ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, დაიღუპა რვა და დაშავდა 11 ადამიანი.