უკრაინიდან ტერორიზმის ბრალდებით წითელი ცირკულარით ძებნილი ცეზარ ტოხოსაშვილის, იგივე ალ-ბარა შიშანის ექსტრადირება განხორციელდა [ვიდეო]

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინიდან ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქის, ცეზარ ტოხოსაშვილის, იგივე ალ-ბარა შიშანის ექსტრადირება განხორციელდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის საფუძველზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, ცეზარ ტოხოსაშვილი (იგივე ალ-ბარა შიშანი) უკრაინაში, ქალაქ კიევში 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.

„კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ცეზარ ტოხოსაშვილი საქართველოდან სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და 2015 წლიდან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ცეზარ ტოხოსაშვილი, დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – აღნიშნავენ სუს-ში.

მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და მონაწილეობას გულისხმობს, სასჯელის სახით კი 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

სუს-ში აღნიშნავენ, რომ ცეზარ ტოხოსაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში.