ტერორიზმის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე სამი ბრალდებული დაიკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე სამი ბრალდებული დაიკითხება. ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობისათვის დაკავებული სამი პირი ანატოლი ბერძენიშვილი, რუსლან ალდამოვი და ზურა იდოიძე სხდომაზე ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლაზე და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრებენ.
არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. წინა პროცესზე ჩვენება ამავე საქმის ერთმა ბრალდებულმა რამაზ მარგოშვილმა მისცა. მან შილდის ტყეში იარაღების ამოთხრის ფაქტზე ისაუბრა. ასევე მოწმემ სხდომაზე ისაუბრა საქმის კიდევ ერთ ბრალდებულზე შავლახ ქართველიშვილზე.
მთავარი საგამოძიებო უწყება საქმის ამ ეპიზოდზე ოთხ ბრალდებულს ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობას, ორს კი, ამ ორგანიზაციის წევრობას ედავება.