ტერმინი „დისტანციური სწავლება“ საკანონმდებლო დონეზე დაზუსტდება
ტერმინი „დისტანციური სწავლება“ საკანონმდებლო დონეზე დაზუსტდება

საკანონმდებლო დონეზე დისტანციური სწავლების ტერმინის დახვეწა ხდება.

შესაბამისი ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ დისტანციური სწავლება იქნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადი განათლების მისაღებად ან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დასაძლევად ორგანიზებული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილას მოსწავლისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას.

პროექტში ნათქვამია, რომ დისტანციური სწავლების განხორციელებისთვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება.

გარდა ამისა, იცვლება კანონის 61-მუხლი, რომელიც არეგულირებს დისტანციური სწავლების განხორციელებასთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებს.

კერძოდ, ამ მუხლის მოქმედი რედაქციიდან ამოღებულია სწავლების პროცესის მართვის სისტემის მეშვეობით გამოყენებაზე მითითება და შემოთავაზებულია ფორმულირება, რომლის მიხედვითაც, დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის წარმართვას დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით.

დისტანციური სწავლების განხორციელების ფორმაში დაემატა ასინქრონული კომუნიკაციის ფორმაც და განიმარტა მისი მნიშვნელობა.

კერძოდ, დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული ან ასინქრონული კომუნიკაციის ფორმით. ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული – როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება.

აღნიშნული ცვლილებების გარდა, დასახელებულ მუხლს ემატება ნორმა, რომელიც ქმნის მინისტრის ნორმატიული აქტის გამოცემის საკანონმდებლო საფუძველს. კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის დისტანციური სწავლების ფორმით წარმართვის წესს დაამტკიცებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

ამასთან, ცვლილებებით გაწერილია მინისტრის უფლებამოსილებები და ნათქვამია, რომ იგი ეპიდემიის/პანდემიის დროს მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლების, აგრეთვე ამ დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის თაობაზე, რითაც მიღწეული იქნება სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზანი.

„საქართველოში განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი „ტელესკოლა“ (TV- School), რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, ჰქონდა თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალება მისცა საინტერესო გაკვეთილების ნახვისა ყველა საგანში. პროექტს, რომელიც „პირველი არხი – განათლების“ ეთერში გადაიცა, საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ ასეთი წარმატების გამო სასურველია პროექტი „ტელესკოლა“ პანდემიის დასრულების შემდეგაც გაგრძელდეს. ამ პროცესში განსაკუთრებით ხაზგასასმელია მასწავლებლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ლექტორების ენთუზიაზმი და შემოქმედებითი მიდგომა როგორც დისტანციური სწავლების ფარგლებში დანერგილი სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესში. პანდემიის პირობებში პედაგოგები, ექიმების მსგავსად, ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ და ახალ გამოწვევებს წარმატებით გაართვეს თავი“, – აღნიშნულია პროექტში.