ტერეზა მეი - სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაზე პასუხისმგებელი, დიდი ალბათობით, რუსეთია
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობამ დაადგინა, რომ რუსი ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაზე პასუხისმგებელი, დიდი ალბათობით, რუსეთია.
ამის შესახებ ტერეზა მეიმ ეროვნული უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სერგეი და იულია სკრიპალები სამხედრო კლასის ნერვული აგენტით არიან მოწამლულები, რომელიც რუსეთში იწარმოება.
ტერეზა მეის განცხადებით, მათ ლონდონში რუსეთის ელჩი გამოიძახეს იმის დასადგენად, იყო თუ არა მომხდარი რუსეთის სახელმწიფოს ქმედება, თუ ნერვული აგენტების ბაზარზე კონტროლის დაკარგვის შედეგი.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, შხამ-ქიმიკატი, რომელიც ამ კონკრეტულ თავდასხმაში გამოიყენეს, დადგენილია. მისი თქმით, ის ნერვული აგენტების ჯგუფს მიეკუთვნება და „ნოვიჩოკის“ სახელითაა ცნობილი.
ტერეზა მეის თქმით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა რუს ელჩს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ დახუროს მოსკოვმა „ნოვიჩოკის“ პროგრამა ქიმიური იარაღის აკრძალვის ფარგლებში“.
ტერეზა მეის თქმით, ბრიტანეთი განიხილავს მოსკოვის პასუხსაც მომდევნო ნაბიჯების გადადგმამდე, თუმცა „თუ ვერ მივიღებთ სარწმუნო პასუხს, სკრიპალის მოწამვლა განიხილება, როგორც რუსეთის მხრიდან დიდ ბრიტანეთის წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენება“.
66 წლის სერგეი სკრიპალი, 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს.