ბრიტანეთის პრემიერობისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს
ბრიტანეთის პრემიერობისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს

დაუნინგ სთრითის # 10-ის დასაკავებლად 10 კანდიდატი იბრძოლებს. ამის შესახებ კონსერვატიული პარტიის მმართველმა კომიტეტმა განაცხადა.

კანდიდატთა სიაში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორის ჯონსონიც არის. მასთან ერთად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სავარძლის დასაკავებლად იბრძოლებენ: ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი მაიკლ ჰოუვი, თემთა პალატის ექსსპიკერი ანდრეა ლიდსომი, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი, ბრექსიტის ექსმინისტრი დომინიკ რააბი, ასევე საერთაშორისო განვითარების მინისტრი რორი სტუარტი და შს მინისტრი საჯიდ ჯავიდი. პრეტენდენტთა შორის არიან ჯანდაცვის მინისტრი მეთიუ ჰენკოკი, შრომისა და პენსიების მინისტრი ესტერ მაქვი და თემთა პალატაში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი მარკ ჰარპერი.

პოლიტოლოგთა მოსაზრებით, ყველაზე მაღალი შანსი ბორის ჯონსონს, ჯერემი ჰანტსა და მაიკლ ჰოუვის აქვთ.

კენჭისყრის პროცესი ივლისის მიწურულისთვის დასრულდება და მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობაც ამ დროისთვის გახდება ცნობილი. ახალი ლიდერის დასახელებამდე, მოვალეობის შესრულებას ტერეზა მეი განაგრძობს.