მოსკოვს დასავლეთში უთანხმოების პროვოცირება სურს. ამ შინაარსის მწვავე კრიტიკული განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გააკეთა. მან რუსეთის მთავრობა სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევაში და კიბერ ჯაშუშობაში დაადანაშაულა.
ლონდონში გამართულ მიღებაზე ტერეზა მეიმ ვლადიმირ პუტინი და მისი ხელისუფლებას „თავისუფალი სამყაროსთვის ძირის გამოთხრაში“ დასდო ბრალი.
მისივე განცხადებით, მოსკოვი ავრცელებს „ყალბ ახალ ამბებს“ და ამ გზით ცდილობს დასავლეთში უთანხმოების პროვოცირება გამოიწვიოს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურის თქმით, ლონდონს არ სურს რუსეთთან მუდმივი კონფრონტაცია, თუმცა ბრიტანეთი საკუთარ ინტერესებს აუცილებლად დაიცავს.
“პუტინისადმი გზავნილი მარტივია, მან უნდა აირჩიოს სხვა გზა, რუსეთი დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნებოდა, თუმცა ამისთვის მას „წესებით თამაში უნდა ისწავლოს”, – განაცხადა ტერეზა მეიმ.
მისივე თქმით, რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ევროპის სახელმწიფოების საჰარეო სივრცე და ჩაატარა კიბერ ჯაშუშობისა და უთანხმოების პროვოცირებისთვის მიმართული კამპანია. ამის მაგალითად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა არჩევნებში ჩარევა და დანიის თავდაცვის სამინისტროსა თუ ბუნდესტაგზე მოწყობილი კიბერიერიში დაასახელა.
„ჩვენ ვიცით თუ რისი მიღწევა გსურთ, თუმცა არაფერი გამოგივათ. თქვენ სათანადოდ ვერ აფასებთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს”, – განაცხადა ტერეზა მეიმ.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურის თქმით, დიდი ბრიტანეთი გადის ევროკავშირიდან, თუმცა რჩება NATO-ს ერთგული და სურს ევროკავშირთან ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც „ლიბერალურ ფასეულობებს გაამყარებს.
ტერეზა მეის ასეთი მკაცრი განცხადებები წინ უსწრებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს მოსკოვში. ბორის ჯონსონი რუსეთში ვიზიტით დეკემბერში გაემგზავრება.