ტექნოლოგიური გიგანტები ავსტრალიის საკანონმდებლო ინიციატივას უპირისპირდებიან
ოთხი ტექნოლოგიური გიგანტი Facebook-ი, Apple-ი, Alphabet-ი და Amazon-ი ავსტრალიის საკანონმდებლო ინიციატივას უპირისპირდებიან, რომელიც მომხმარებლის პირად ინფორმაციაზე სახელმწიფოს დაშვებას გულისხმობს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლობისტური ჯგუფის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, ავსტრალიის მთავრობას ტერორიზმის გაზრდილი საფრთხეების პრევენცია სურს. აგვისტოში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ავსტრალიის მთავრობას სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილი იქნება ტექნოლოგიური კომპანიებისაგან და ფიზიკური პირებისაგან კოდირებულ პირად მონაცემებზე წვდომა მოითხოვოს.
თუ ორგანიზაცია არ დაემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ის 7.2 მილიონი დოლარით დაჯარიმდება, ფიზიკური პირს კი აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდება.
ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა Facebook-ი, Apple-ი, Alphabet-ი და Amazon-ი , რომლებსაც მთავრობის კოდირებულ ინფორმაციაზე წვდომის სურვილი 2015 წელს Apple-სა და აშშ-ის მთავრობას შორის არსებული დავის დროს ერთსულოვნად გააპროტესტეს, ავსტრალიაში ლობის გაძლიერებას აპირებენ. მათი სურვილია, რომ წარდგენილი კანონპროექტი რამდენიმე კვირაში დაგეგმილ კენჭისყრამდე შესწორდეს.
როგორც ლობისტური ჯგუფის „უსაფრთხო და დაცული ინტერნეტის“ ხელმძღვანელმა ლიზი ო’შიამ Reuters-ს განუცხადა, სახელმწიფოს კოდირებულ ინფორმაციაზე დაშვების მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს კოდირების მექანიზმის შესუსტებას, რაც ძალიან დიდ რისკებს უქმნის ციფრულ უსაფრთხოებას.
მისი განცხადებით, ოთხი ლობისტური კომპანია უკვე დათანხმდა ტექნოლოგიური ინდუსტრიის ინიციატივას.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ ავსტრალიის აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა კანონად იქცა, ავსტრალია მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იქნება რომელიც ტექნოლოგიური კომპანიებზე სახელმწიფოს წვდომას გააფართოებს. დიდი ალბათობით, ავსტრალიას მალე მიბაძავენ სხვა ქვეყნებიც.
გასულ თვეში ერთიანი სადაზვერვო სისტემის ე.წ. „ხუთი თვალის“ პარტნიორმა ხუთმა ქვეყანამ – აშშ-მ, ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ განაცხადა, რომ ისინი აპირებენ შექმნან საკანონმდებლო მექანიზმი, რომლის საფუძველზეც შეძლებენ მოითხოვონ წვდომა ისეთ კოდირებულ ინფორმაციაზე, როგორიცაა ელექტრონული ფოსტა, მესიჯები და ხმოვანი შეტყობინება.
თითოეულმა ქვეყანამ მოტივად ეროვნული უსაფრთხოების გაზრდილი რისკები დაასახელა, რომლის ფონზეც სახელმწიფო ვერ ახერხებს ეჭვმიტანილი პირების კომუნიკაციაზე მონიტორინგის განხორციელებას.