ევროკავშირში ტექნოლოგიური გიგანტებისთვის ახალი გადასახადის შემოღებაზე ვერ თანხმდებიან
ევროკავშირში ტექნოლოგიური გიგანტებისთვის ახალი გადასახადის შემოღებაზე ვერ თანხმდებიან

ევროკავშირი უცხოური ტექნოლოგიური გიგანტების ახალი გადასახდით დაბეგვრას აღარ ჩქარობს, რადგან ევრობლოკის ქვეყნების ნაწილი შიშობს, რომ აშშ საპასუხო ღონისძიებას აამოქმედებს.

„რთულია ამ ციფრულ გადასახადზე შეთანხმების მიღწევა, რადგან ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხი ჯერ კიდევ გადასაჭრელია,“,- განაცხადა დანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან იენსენმა დღეს ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე.

ცნობილია, რომ ევროკავშირი Google-ისა and Facebook-ის მსგავსი უცხოური ტექნოლოგიური კორპორაციების ბრუნვის 3 პროცენტით დაბეგვრას აპირებს. შესაბამისი ინიციატივა ევროკომისიამ მიმდინარე წლის მარტში წამოაყენა, რადგან ბრიუსელის ვარაუდით, ამერიკული ციფრული გიგანტები ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში დაბალი საგადასახდო რეჟიმით ფაქტობრივად, ბოროტად სარგებლობენ და გადასახადებს თავს არიდებენ.

ეს იდეა რომ რეალობად იქცეს, მას მხარი ევროკავშირის 28 წევრმა სახელმწიფომ ერთხმად უნდა დაუჭიროს. ხმები კი მოცემულ მომენტში ორადაა გაყოფილი და როგორც ირკვევა, უმეტესობა წინააღმდეგია.

მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ფუნდამენტურ მოკვლევას ატარებს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.

იენსენმა ახალ ციფრულ გადასახადს „ევროპისთვის ცუდი იდეა“ უწოდა. მისი განმარტებით, ახალი გადასახდი თავისი არსით ისეა მოფიქრებული, რომ ძირითადად ამერიკულ კომპანიებს შეეხება და ვაშინგტონს საპასუხო რეაქცია ექნება. მსგავსი მიდგომა გაამჟღავნეს გასულ კვირაში დიპლომატებმა გერმანიიდან, შვედეთიდან, ირლანდიიდან და მალტიდან.

ციფრული გადასახადის მთავრი მხარდამჭერია საფრანგეთი, რომელმაც ნიადაგის მოსინჯვის მიზნით, პარტნიორებს სექტემბრიდან გადასახდის გარკვეული პერიოდით შემოღებაც კი შესთავაზა.