თენგიზ წულაძე - მიხეილ სააკაშვილს აქვს ანორექსია, რომელიც გამოწვეულია ფსიქიატრიული პათოლოგიებით
ნახტომისებური გაუარესება, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი გაუარესებაა, – ასე უპასუხა ნევროლოგმა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრმა, თენგიზ წულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 19 თებერვლის შემდეგ გაუარესებულია, რაც წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოწვეულ ექიმთა ბოლო დასკვნაში.
„კახექსია ისედაც იყო, ანუ, ანორექსია აქვს პაციენტს და ამ ფონზე განვითარდა სარკოპენია, კოგნიტიური გაუარესება; მძიმე დეპრესია აქვს პაციენტს, ჩემი შეფასებით, წნევის ვარდნა წამოდგომისას და ყველაფერი ეს ამძიმებს მის მდგომარეობას და პროგნოზს არაკეთილსაიმედოს ხდის“, – განაცხადა წულაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა არის წონის კლების მთავარი მიზეზი, პაციენტი საკვებს არ იღებს თუ ვერ იღებს, რადგან ოჯახი საკვების ვერმიღებაზე საუბრობს, ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ის თვითდაზიანების რეჟიმშია და საკმარის კალორაჟს განგებ, ჯანმრთელობის გაუარესების მიზნით არ იღებს, თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ ექიმთა ჯგუფი შესვლისას პაციენტს ნახულობს და ერთჯერადი ვიზიტით ამის დადგენა არ ხდება.
„ჩვენ კვებას არ ვთავაზობთ პაციენტს იმ წუთში, მხოლოდ ვსინჯავთ, პარამეტრებს ვზომავთ და დასკვნას ამის საფუძველზე ვაკეთებთ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, პაციენტმა საჭმელი არ მიიღო თუ ვერ მიიღო, თუ ის კახექსიურია და უკვე კახექსია არის. მიზეზს, კონკრეტულად რატომ ვერ მოხდა ეს ამბავი, ჩემთვის, როგორც იმ წუთში გამსინჯავი ექიმისთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ვერც გამოვიკვლევ იმ წუთში. ეს უნდა გამოვიკვლიო პაციენტზე ხანგრძლივად დაკვირვებით და მეთვალყურეობით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვნახეთ ისტორია, რომელიც „ვივამედიდან“ გამოგვიგზავნეს და მსგავსი რამ არ წერია იქ, რომ, ვთქვათ, ხანგრძლივი დაკვირვებით, წინასწარ განზრახვით რამეს აკეთებდეს პაციენტი. ჩვენი აზრით, პაციენტს აქვს ანორექსია, რომელიც გამოწვეულია ფსიქიატრიული პათოლოგიებით“, – განაცხადა წულაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა მისთვის დამაჯერებელი „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადება, რომ ყველა აქამდე ჩატარებული კვლევა გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ პაციენტის მხრიდან საკვების არმიღების რამე წინააღმდეგობრივი მიზეზი არსებობდეს, მათ შორის ენდოკრინული მიმართულებითაც, ნევროლოგმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს ნამდვილად შეესაბამება.
„პაციენტს არ აქვს ისეთი სტრუქტურული დაზიანება, რომელიც შეიძლება, ხელს უშლიდეს ყლაპვას. ასეთი დაზიანება ნამდვილად არ აქვს, მაგრამ მას აქვს ფსიქიატრიული დაზიანება. მაგ დასკვნაში სულაც არ წერია, რომ პაციენტს არ აქვს ფსიქიატრიული დაზიანება, რომელიც შეიძლება, იწვევდეს ანორექსიას. ჩვენ ვამბობთ ამას – მას აქვს ფსიქიატრიული დაზიანება, რომელიც იწვევს ანორექსიას და ეს არის მიზეზი. განა ვერ ყლაპავს ან არ ყლაპავს?! უბრალოდ, არ შეუძლია ანორექსიის გამო, რომელიც გამოიწვია ამ ფსიქიატრიულმა პრობლემებმა“, – განაცხადა წულაძემ.
შეკითხვაზე, არის თუ არა კლინიკა „ვივამედიდან“ პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის მიწოდების პრობლემა, რაზეც სააკაშვილის ოჯახი საუბრობს, ექიმთა ჯგუფის წევრმა განაცხადა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის მიწოდებას დროში აგვიანებენ, მაგრამ დოკუმენტაციას არავინ უკავებთ და ამ მხრივ პრობლემები არ არის.
მისი თქმით, კლინიკა ვერ უზრუნველყოფს პაციენტის ფსიქოლოგიურ ინტერვენციას.
„ამას ვერ უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ამას პაციენტი არ იღებს მათგან, მაგრამ არ იღებს ისევ და ისევ ამ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გამო, რაც ქმნის მანკიერ წრეს. სხვა დანარჩენს, ყველაფერს ცდილობენ კოლეგები, აძლევენ, რაც შეუძლიათ და რაც მათ ხელეწიფებათ.
შეკითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში კლინიკამ, თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ ეს არ იცის.
„ამის თქმა მე არ შემიძლია. არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს კლინიკამ. კლინიკისთვის შეიძლება, გამოუვალი მდგომარეობაც იყოს. ამ დროს საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩემი აზრით“, – განაცხადა წულაძემ.
ამასთან, წულაძემ აღნიშნა, რომ კლინიკის მენეჯმენტის მიმართ მისი რეკომენდაცია იქნება, რომ სცადონ ფსიქოლოგიური ინტერვენცია და დაიყოლიონ პაციენტი, თუ მისი დაყოლიება შესაძლებელია.
„ანუ, ვუმკურნალოთ ამ ანორექიის მიზეზს და არა – შედეგს, თუ შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.