ქალაქ ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2024“ ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, არმანდს კრაუზეს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის გაუმჯობესების პერსპექტივებს და ამ კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„საქართველომ ცოტა ხნის წინ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩვენ ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროპისკენ და ამ გზაზე ლატვია ჩვენი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა არსებობს იმპორტ-ექსპორტის კუთხით, პარტნიორობა უფრო და უფრო მზარდია; ლატვიიდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტი იზრდება; ლატვიაში საქართველოდან ექსპორტზე გადის ღვინო, უალკოჰოლო სასმელები, მტკნარი წყალი. მზად ვართ, თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმაოთ“, – განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.