თენგიზ კალანდაძე - ბიოწარმოების თანადაფინანსებაზე სახელმწიფო წელს ერთ მილიონ ლარს დახარჯავს
ბიოწარმოების თანადაფინანსებაზე სახელმწიფო წელს ერთ მილიონ ლარს დახარჯავს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ განუცხადა.
გადაცემაში დღეს ორგანული პროდუქტების წარმოება და მისი პერსპექტივები განიხილეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ ახლახან წარდგენილი ბიოწარმოების განვითარების ხუთწლიანი გეგმის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ბიომეურნეობის ფართობების მოცულობა 5 ათას ჰექტრამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ბიოპროდუქციის მწარმოებელი ფერმერებისა და კომპანიების რიცხვმა 2 ათას ერთეულამდე.
გადაცემის თანაწამყვანი კომპანია „გურიელის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჭკუასელი დაინტერესდა, რამდენად რეალისტურია დასახული ციფრები, იმის გათვალისწინებთ, რომ დღეის მდგომარეობით სტატისტიკა საკმოდ დაბალია: 2017 წელს სერტიფიცირებული იყო სულ 17 ბიოწარმოება. 2018 წელს ამ მაჩვენებელს 21 ბიოწარმოება დაემატა.
თენგიზ კალანდაძის განცხადებით, უკვე შემუშავებულია ბიოწარმოების თანდაფინანსების ხელშეწყობის პროგრამა, რომელსაც სოფლის მეურნეობის თანდაფინანსებაზე ორიენტირებული სხვა პროექტების მსგავსად, პროექტების მართვის სააგენტო მართავს. პროგრამა რვა კომპონენეტისგან შედგება და ყველაზე პრობლემური საკითხების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
„ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში გათვალისწინებული იქნება რვა სახის დამხმარე კომპონენტი და თანადაფინანსებით შევალთ ყველგან, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა აქვს სექტორს. პირველ რიგში, სადაც შევალთ თანადაფინანსებით, ეს არის განათლება, რომლის გარეშეც ვერაფერს გააკეთებ. ამ მხრივ იქნება თანადაფინანსება, რომ უცხოელი ტრენერების დახმარებით ჩვენს ფერმერებს ტრენინგები ჩავუტაროთ და მოვაწყოთ საზღვარგარეთ სასწავლო ტურები. როგორც ვიცით, ბიოპროდუქტების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ხარჯები არის თვითღირებულების 50 პროცენტი და აქ შევდივართ თანადაფინანსებით, რომ ფერმერებს შევუმსუბუქოთ ტვირთი. ასევე მოვახდენთ იმ საწარმოების თანადაფინანსებას, რომლებიც ბიოსასუქებს აწარმოებენ. გარდა ამისა, განვახორცელებთ იმ საწარმოების თანდაფინანსებას, რომლებიც ბიოსაწყობებსა და ბიომაცივრებს მოაწყობენ“, – განაცხადა კალანდაძემ.
პროექტი შესათანხმებლად უკვე წარდგენილია სხვადასხვა სამინისტროში. პროგრამისთვის წელს სახელმწიფო ერთ მილიონ ლარამდე ბიუჯეტს გამოუყოფს, თუმცა კალანდაძის განმარტებით, არსებობს დაპირება, რომ ეს დაფინანსება შემდგომ წლებში გაიზრდება.