გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, აშშ-ის უმსხვილეს გამოფენაზე, U.S. Private Label Trade Showw-ზე ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, აშშ-ის უმსხვილეს გამოფენაზე, U.S. Private Label Trade Showw-ზე ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი

12-14 ნოემბერს ქალაქ ჩიკაგოში, აშშ-ის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე, U.S. Private Label Trade Show-ზე ქართული სტენდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ დაათვალიერა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართველ მწარმოებლებს მიეცათ საშუალება, საკუთარი აგროსასურსათო პროდუქცია ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს გამოფენაზე წარმოადგინონ. U.S. Private Label Trade Show-ში ქართული მეწარმეები წელს პირველად მონაწილეობენ. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავზარდოთ ქართული ხარისხიანი აგრარული პროდუქციის ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე, რომ ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტში სახელმწიფოს მხარდაჭერით მოსარგებლე მეწარმეებმა დივერსიფიცირებულ ბაზრებზე პოზიციონირება შეძლონ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გამოფენის ფარგლებში თენგიზ ნასარიძე private label manufacturers association-ის ვიცე-პრეზიდენტს, ენტონი ალოიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქართული კომპანიების მხარდაჭერის მექანიზმებზე იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართულ სტენდზე კომპანიების – შპს NUTSGE-ს, შპს „ფარკონის“, შპს „ჯეოფლაუერის“, შპს „ბატონოს“, შპს „ცეზარის“, შპს „მაისი 2020“-ის წარმოებული თხილი, წვენები, ყველი, ჩაი, ჯემები, დაფნა და სუნელები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და USAID AGRICULTURE PROGRAM-ის ხელშეწყობით იყო წარმოდგენილი. მათივე ცნობით, გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარები არიან.

„U.S. Private Label Trade-ის გამოფენის 25 პავილიონში მსოფლიოს 55 ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. აღნიშნული გამოფენა დაინტერესებულ პირებისთვის აშშ-ისა და კანადის კერძო სავაჭრო ინდუსტრიების ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას იძლევა. გამოფენის ფარგლებში მწარმოებლებს საშუალება აქვთ, აწარმოონ მოლაპარაკებები მსოფლიო ბრენდებთან პროდუქციის საერთო ბრენდის ქვეშ გაერთიანების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მწარმოებლების მარკეტინგულ ხარჯებს“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ გამოფენას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, თენგიზ ნასარიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი თორნიკე ნიკვაშვილი და USAID AGRICULTURE PROGRAM-ის ხელმძღვანელი ლუიზა ნამიჩეიშვილი ესწრებოდნენ.