თენგიზ ფხალაძე - საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია მისაბაძი მაგალითია, რომელმაც ოკუპაციის პირობებში მოახერხა, ნატო-ს წევრი გამხდარიყო
საქართველოს პრეზიდენტმა ანგელა მერკელთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია ერთ-ერთი მისაბაძი და სამოდელო მაგალითია, რომელმაც ოკუპირებული ტერიტორიებით, ოკუპაციის პირობებში მოახერხა, ნატო-ს წევრი გამხდარიყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა.
„რაც საქართველოში ხდება, ეს არის ისტორიული უსამართლობა და პრობლემა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის. მგონი, ამაზე ყველანი შეთანხმებულები ვართ. მინდა, დოკუმენტი შეგახსენოთ, რომელიც ერთი თვის წინ იქნა მიღებული. მას მათ შორის გერმანიაც აწერს ხელს და ეს ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე სწორედ სახელმწიფო და მთავრობის მეთაურთა დონეზე იყო მიღებული, სადაც ხაზგასმით არის ნახსენები, რომ საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ჯარი უკანონოდ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე იმყოფება და მოწოდება, რომ
ამ ჯარმა საქართველო უნდა დატოვოს. ამ საკითხზე ყველა შეთანხმებული ვართ. საუბარია იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ეს არსებული ვითარება, რომელიც ყველასათვის მიუღებელია, უკეთესობისკენ შეიცვალოს“, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
მისივე თქმით, შეიძლება, სამ ბლოკად დაიყოს თემატიკა, რომელსაც ანგელა მერკელთან შეხვედრისას შეეხო საუბარი.
„პირველი ბლოკი უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. არამხოლოდ პოლიტიკური საკითხები, არამედ ჰუმანიტარული საკითხები, რადგან იქ ადამიანებს ელემენტარული ჰუმანიტარული პრობლემები ექმნებათ. მეორე დიდი ბლოკი, რომელზეც ვსაუბრობდით, ეს საქართველოს დასავლური ინტეგრაცია იყო, რაც გულისხმობს ინტეგრაციას როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში. იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას და საქართველოს გასაძლიერებლად. ვგულისხმობ როგორც თავდაცვისუნარიანობას, ასევე ეკონომიკას და თანამშრომლობას. მესამე იყო საქართველო, როგორც რეგიონული ჰაბი და აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის დამაკავშირებელი, ასევე როგორ უნდა იყოს გამოყენებული და წარმოჩენილი საქართველოს როლი. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მთავარ მიზანს, რომ საქართველო უფრო წარმატებული, უფრი ძლიერი იყოს და საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს დაეხმაროს იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა იმ ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს, რასაც ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახი ჰქვია“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მისაბაძი და სამოდელო მაგალითი სწორედ გერმანიაა, რომელმაც ოკუპირებული ტერიტორიებით, ოკუპაციის პირობებში მოახერხა, ნატო-ს წევრი გამხდარიყო, მოახერხა გაერთიანებულიყო და დღეს ევროკავშირისა და ნატო-ს ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რატომ ბლოკავს გერმანია საქართველოს ნატო-ში წევრობას, თენგიზ ფხალაძემ აღნიშნა: „ვერ ვიტყვი, რომ გერმანია გვბლოკავს“.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებასაც.
„თანამშრომლობის კონკრეტული პროექტებია, რომლებიც ვითარდება და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო განვითარდება. რაც შეეხება იმას, თუ საბოლოო ჯამში როგორ უნდა მოხდეს პრობლემების დარეგულირება, ეს საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგს სცილდება და გაცილებით ფართო თემაა. ამ შეხვედრაზე ვილაპარაკეთ იმაზეც, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებში. ეს მხოლოდ ევროკავშირი და ნატო არ არის. ეს არის გაერო, ეს არის ეუთო და საერთაშორისო ძალისხმევით როგორ უნდა შეიცვალოს ვითარება უკეთესისაკენ არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში, რადგან ერთიანი, მთლიანი და მშვიდობიანი ევროპის იდეა მიუღწეველია საქართველოს უსაფრთხოებისა და დაცულობის გარეშე. ამაზე ყველა ვთანხმდებით“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.