თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინაციის ნანატრი პროცესი იწყება, ეჭვი არ მეპარება, რომ 43 ათასი დოზა სულ რაღაც ორ კვირაში დაიხარჯება და შეფერხება არ იქნება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან მედპერსონალის ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, ვაქცინაცია ხვალ დაიწყება როგორც თბილისში, ისე ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში, ხოლო 17 მარტიდან პრაქტიკულად ყველა რაიონში.
თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ჯამში ვაქცინაცია 89 რაიონში განხორციელდება.
„ხვალ იწყება ვაქცინაციის ნანატრი პროცესი. პირველი პარტია საქართველოს რეგიონებში უკვე განაწილებულია. სახელმწიფო გეგმაში გაწერილია ყველა სცენარი იმის მიხედვით, თუ რომელი ვაქცინა შემოვა. ამ ვაქცინისთვის თბილისში გამოყოფილია 10-ზე მეტი პუნქტი, ეს არის ძირითადად წამყვანი კლინიკები და ზოგიერთი მსხვილი პოლიკლინიკა, ასევე ვაქცინა უკვე მიტანილია 29 რეგიონულ ცენტრსა და რაიონში, ხვალიდან აცრა დაიწყება არა მარტო თბილისში, არამედ ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში. ამის შემდეგ განხორციელდება ვაქცინის დოზების შემდგომი გადანაწილება და ოთხშაბათს ვაქცინაცია დაიწყება პრაქტიკულად ყველა რაიონში, რათა მოსახლეობას არ მოუწიოს რეგიონულ ცენტრებში მისვლა. გადაწყვეტილია, რომ ვაქცინაცია განხორციელდება 89 რაიონში, პრაქტიკულად ყველგან.
ხომ იცით, აკრძალული ხილი ყოველთვის უფრო სასურველია. თავიდან, როცა ვაქცინა არ იყო ხელმისაწვდომი, ყველას უნდოდა და ყველა საყვედურობდა მთავრობას, რომ აქამდე ვაქცინა არ იყო, როგორც კი ვაქცინა შემოვიდა, ეს ენთუზიაზმი შენელდა. ექიმების მხრივ არის მზადყოფნა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ მოიცადონ, დაელოდონ შედეგებს, ნახონ, რამდენად სანდო იქნება და შემდეგ აიცრან.
ასეთი ექიმების პროცენტს ვერ გეტყვით, მაგრამ რაოდენობა დიდი არ არის, საბედნიეროდ, ეს არის ნახევარზე ნაკლები. ჩემი ემპირიული დაკვირვებით, ექიმების ნახევარზე მეტი მზად არის, ყოველგვარი აგიტაციის და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აიცრან, ინტენსიურად მიმდინარეობს რეგისტრაცია, ჩვენს ბაზაზე დარეგისტრირდა 150 ადამიანი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, ცერცვაძის განმარტებით, ხვალ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ღია ეთერში, კორონავირუსის ვაქცინით პირველი აიცრება.
„ხვალ, 9:00 საათზე აქ მოვა ბატონი პაატა იმნაძე და დემონსტრაციულად, პირველი აიცრება ღია ეთერში სწორედ ჩვენს დაწესებულებაში, რითიც ხაზს გაუსვამს, რომ ეს დაწესებულება არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში, და ის, ვინც პირველი პაციენტი მიიღო. მე ეჭვი არ მეპარება, რომ 43 ათასი დოზა სულ რაღაც ორ კვირაში დაიხარჯება და არავითარი შეფერხება არ იქნება, რადგან უკვე არის ასეთი განწყობა, პლუს ჩვენ ვიმუშავებთ ამისთვის. ყველა ელოდება პირველ დღეს და რომ ნახავენ, რომ ძალიან წარმატებით ჩატარდება, მერე ყველა გათამამდება და თავშეკავებულთა რიცხვი ავტომატურად შემცირდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.