თენგიზ ცერცვაძე - სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ ვიყოთ, გვექნებოდა სიკვდილიანობის არა 60-80 შემთხვევა, არამედ ხუთი-ექვსი
სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ ვიყოთ, გვექნებოდა სიკვდილიანობის არა 60-80 შემთხვევა, არამედ 5-6, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, სიკვდილიანობის შემცირება ქვეყანაში ერთ-ორ კვირაში დაიწყება.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპი გაიზარდა და არ არის ძალიან დაბალი მაჩვენებლები, ეს არის ძალიან ცოტა. დღეში გვჭირდება 40-50 000 ერთეული აცრა. ვაქცინაციასთან დაკავშირებით კამპანია საკმარისი იყო. უცხოეთშიც არ არის რაიმე განსაკუთრებული კამპანია. სამწუხაროდ, ჩნდება და მიმდინარეობს ანტიკამპანია, მათ შორის ზოგიერთი ცნობილი ექიმისგან. როგორც ჩანს, ეს მოქმედებს და ეს არის იმის მიზეზი, რომ ვაქცინაციის დონე გაიზარდა 30 000-მდე და შემდეგ აღარ გაიზარდა, პირიქით, უკუსვლა გვაქვს, მაგალითად, გუშინ 19 000 იყო.
მძიმე შემთხვევები, რეანიმაციაში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა და სიკვდილიანობა პირდაპირ არის დამოკიდებული ვაქცინაციის ტემპზე. ჩვენ სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ ვიყოთ, გვექნებოდა სიკვდილიანობის არა 60-80 შემთხვევა, არამედ იქნებოდა გარდაცვალების ხუთი-ექვსი შემთხვევა. როცა მოსახლეობის 50 პროცენტი აცრილი იქნება, სიკვდილიანობა დაბალი იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, სიკვდილიანობა ქვეყანაში მაშინ შემცირდება, როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა 50 პროცენტს გადააჭარბებს.
„სიკვდილიანობის შემცირება ქვეყანაში ერთ-ორ კვირაში დაიწყება. სამწუხაროდ, ის მაინც დარჩება რაღაც დონეზე, ვიდრე ქვეყანა სრულად არ იქნება ვაქცინირებული. ჩემი პროგნოზია, რომ სიკვდილიანობა შემცირდება მაშინ, როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა გადააჭარბებს 50 პროცენტს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.