თენგიზ ცერცვაძე - რამდენადაც ვიცი, ვაქცინაციის საიტზე შეფერხება გამოსწორდა, თუმცა არსებობს სარეზერვო გეგმები, რომ ადგილზე, კლინიკებში მოხდეს რეგისტრაცია, დარწმუნებული ვარ, ხვალიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო საიტზე ამ დროისთვის შეფერხება აღარ არის.
თუმცა, ცერცვაძის თქმით, ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში მოქალაქეებს კლინიკებში, ადგილზე შეეძლებათ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია.
აქედან გამომდინარე, თენგიზ ცერცვაძის აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, ხვალიდან ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.
„შეფერხება იყო, სამწუხაროდ, შეფერხება ხშირად არის და არა მარტო ვაქცინაციის, გაცილებით უფრო დაცულ საიტებზეც. რამდენადაც ვიცი, ეს გამოსწორდა. თუ არ გამოსწორდა, არსებობს სარეზერვო გეგმები, რომ ადგილზე მოხდეს რეგისტრაცია. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ხვალიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება. არის სარეზერვო გეგმები, მივლენ პირდაპირ კლინიკებში და ასე ვთქვათ, იქნება ცოცხალი რიგის პრინციპი, რომელიც ნაკლებად კომფორტულია, მაგრამ არ არის პრობლემა. არ მგონია, რომ არ გამოსწორდეს, ჩვეულებრივი ტექნიკური პრობლემები რამდენიმე საათში ან დღეში სწორდება.
ვაქინაციაზე მოთხოვნა იქნება მაღალი. შესაძლებელია, მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოსვლაზე ინფორმაციამ მოქალაქეების გარკვეული ნაწილი წაახალისოს იმისკენ, რომ დაელოდონ „ფაიზერს“, მაგრამ ჩინურმა ვაქცინამ უკვე დაამტკიცა ეფექტიანობა და ჰყავს მხარდამჭერები. ვფიქრობ, პირველ დღეებში არ იქნება დიდი აქტივობა, მაგრამ ჯამში აქტივობა იქნება და იქნება მზარდი. ხვალ შედარებით ნაკლები,ზეგ უფრო მეტი და ბოლოს გავალთ მაქსიმალურ რაოდენობაზე – დღეში 20-22 000 ადამიანი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.