თენგიზ ცერცვაძე - პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები ცდილობენ, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს, შემდეგ ეს გამოიყენონ იმის დასადასტურებლად, თითქოს ხელმძღვანელობა არ ვარგა და რევოლუცია უნდა მოვახდინოთ
აშკარად გამორჩეული დღე იყო. ისეთი ზეიმი იყო, როდესაც ხალხს რაღაც უხარია. დიდი ხანია, ადამიანების ასეთი სოლიდარობა არ მინახავს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამის პარალელურად საზოგადოებაში არის ანტივაქსერული განწყობა. ცერცვაძემ ანტივაქსერებზე საუბრისას ორი ჯგუფი გამოყო.
როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები, ექსპერტები და არაკეთილმოსურნე ადამიანები ვაქცინაციას სპეკულაციური მიზნებისთვის იყენებენ.
„ამის პარალელურად, იყო ანტივაქსერული განწყობა, რომელიც სამწუხაროდ, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც არის. ანტივაქსერებში ორი ჯგუფი უნდა გამოვყოთ, ერთი ურწმუნოებისა, რომლებსაც უბრალოდ არ სჯერათ ვაქცინის. ესენი ყველგან არიან და ყოველთვის იყვნენ. ასე იყო გრიპზე, წითელაზე და სხვაზე. მეორე, გაცილებით უარესი მოვლენა, როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები, ექსპერტები და პირდაპირ ვიტყვი, საქართველოსთვის, მოსახლეობისთვის არაკეთილმოსურნე ადამიანები ვაქცინაციას სპეკულაციური მიზნებისთვის იყენებენ, მათ შორის პოლიტიკური სპეკულაციისთვის. არავისთვის დასამალი არ არის, რომ კოვიდინფექციის წარმატებით მართვა დიდი ხანია, პოლიტიკური შეფასებისა და კამათის საგნად გადაიქცა. კერძოდ, თუ პანდემიას ქვეყანა მართავს წარმატებით, ესე იგი მთავრობა კარგია, ცუდად თუ მართავს, მთავრობა და ჯანდაცვის მინისტრი არ ვარგა. ვაქცინაზეც ანალოგიური იყო. თუ ვაქცინა არ იყო ქვეყანაში, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით დაგვიანდა, ეს ატაცებული იყო და ძალიან არაკეთილსინდისიერად გამოიყენებოდა, როგორც ქვეყნის, მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს სისუსტედ. მოხდა პარადოქსი, ამ ტელევიზიების თვითლუსტრაცია მოხდა, ასევე ამ ექსპერტების და ამ ძალების, ვინც ერთ ამბავს ტეხდნენ, სპეკულირებდნენ, მანიპულირებდნენ, რომ ქვეყანამ ვაქცინა არ შემოიტანა. ახლა უცებ გარდაიქმნენ, მოსახლეობას და ექიმებს მოუწოდებენ, რომ უარი თქვან ვაქცინაზე. ეს დაუჯერებელი სიტუაციაა.
ის, რასაც ველოდით, რისკენაც მივილტვოდით, რაზეც ვოცნებობდით ეს თვეები, რისიც გვშურდა სხვა ქვეყნების, რომ ვაქცინა ჰქონდათ, დღეს ჩვენც გვაქვს და ამ ანგაჟირებული პირების რაღაც ნაწილი უარს ეუბნება და სამწუხაროდ, აიყოლიეს ექიმების ნაწილიც, რომლებიც უარს ამბობენ ამ უდიდეს სიკეთეზე – ვაქცინაზე. ამით ისინი დარტყმის ქვეშ აყენებენ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ დანარჩენ მოსახლეობას. მიდიან იმაზე, რომ შემთხვევების რაოდენობამ კი არ მოიკლოს, პირიქით, მოიმატოს. ასევე მოიმატოს გარდაცვლილთა რაოდენობამ. ამას მოჰყვეს შეზღუდვები, „ლოკდაუნი“, ახალი ტალღა. შემდეგ კი ეს ყველაფერი იმის დასადასტურებლად გამოიყენონ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ ვარგა, ხელისუფლება, ხელმძღვანელობა არ ვარგა და რევოლუცია უნდა მოვახდინოთ. აი, ეს არის სამწუხარო სცენარი, რაც დღეს შეიმჩნევა, მაგრამ ხალხმა ამას ღირსეული პასუხი გასცა, როდესაც პირველივე დღეს ვაქცინაციისთვის 4 000 კაცი დარეგისტრირდა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.