თენგიზ ცერცვაძე - „პლაქვენილთან“ დაკავშირებული განცხადებები ნამდვილად გადაჭარბებული იყო და ამას არასამედიცინო მოტივები ჰქონდა
თენგიზ ცერცვაძე - „პლაქვენილთან“ დაკავშირებული განცხადებები ნამდვილად გადაჭარბებული იყო და ამას არასამედიცინო მოტივები ჰქონდა

პლაქვენილთან“ დაკავშირებული განცხადებები ნამდვილად გადაჭარბებული იყო და ამას არასამედიცინო მოტივები ჰქონდა, – ასე უპასუხა „კოვიდ-19“-ის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეს“ წამყვანის შეკითხვას – ის, რომ „სოლიდარობის კვლევაში“ ჩართულოთხ მედიკამენტს შორის „პლაქვენილიც“ მოხვდა, ნიშნავს თუ არა იმას, რომ საქართველოში გარკვეული ჯგუფების მხრიდან ამ პრეპარატის მიმართ გამოთქმული სკეპტიციზმი უსაფუძვლო და გადაჭარბებული იყო.

„ეს განცხადებები ნამდვილად გადაჭარბებული იყო და ამას არასამედიცინო მოტივები ჰქონდა, ხოლო რაც შეეხება უსაფუძვლობას, შესაძლოა, მთლად უსაფუძვლო არ იყო. იმიტომ, რომ ყველა მედიკამენტს, რომელიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგოდ იცდება, ჰყავს თავისი მომხრე და მოწინააღმდეგე. ყველას აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგრამ ჯერ „კოვიდ 19“-ის სამკურნალოდ აბსოლუტურად ეფექტური მედიკამენტი არ არსებობს. რიგ კვლევებში ყველა მედიკამენტმა და, მათ შორის, დღეს ფავორიტად მიჩნეულმა „რემდესივირმაც“ უჩვენა ძალიან კარგი და დამაიმედებელი შედეგი, მაგრამ ზოგიერთ კვლევაში სულაც არ აჩვენა ასეთი კარგი შედეგი და იგივე შეიძლება, ითქვას „პლაქვენილზეც“. მან რიგ კვლევებში კარგი შედეგი აჩვენა, რიგ კვლევებში კი ნაკლები ეფექტი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, ვისაც როგორ უნდოდა, ისე გამოიყენა.

„ვიღაცამ ნახა, რომ ერთმა ან ორმა კვლევამ სკეპტიკური შედეგი დადო და მაინცდამაინც იმ ერთი და ორი კვლევის შედეგზე და გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და ის გამოიყენა, მაგრამ ეს განცხადებები რომ ტენდენციური იყო, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ „პლაქვენილი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რჩეულ ოთხეულში შეიყვანა. ცხადია, ისეთი გულუბრყვილო არავინ არის, ამაში ეჭვი შეიტანოს, რომ თითქოს, ჯანმო რაღაც მონაცემებს არ ფლობდა „პლაქვენილზე“, „რემდესივირზე“ ან ნებისმიერ სხვა მედიკამენტზე და რომელიმე ქართველი ექსპერტი ფლობდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა მედიკამენტზე აბსოლუტურად სრულ ინფორმაციას ფლობდა, ყველა ამ მედიკამენტის ძლიერი და სუსტი მხარეები შესანიშნავად იცოდა და მაინც, „პლაქვენილი“ რჩეულ ოთხეულში შეიყვანა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.