თენგიზ ცერცვაძე - ოპონენტებმა რაც არ უნდა თქვან, პროტოკოლებისა და პაციენტთა მოძრაობის ასეთი გამართული სისტემა არც ერთ ქვეყანას არ აქვს
თენგიზ ცერცვაძე - ოპონენტებმა რაც არ უნდა თქვან, პროტოკოლებისა და პაციენტთა მოძრაობის ასეთი გამართული სისტემა არც ერთ ქვეყანას არ აქვს

ჩემმა ოპონენტებმა რაც არ უნდა თქვან, სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ პროტოკოლებისა და პაციენტთა მოძრაობის კასკადის ასეთი გამართული და ოპტიმალური სისტემა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ დღეისთვის მთელი ეს კასკადი, სისტემა და პროტოკოლები არის ოპტიმალური და ცვლილებას არ საჭიროებს, სანამ ის მდგომარეობა გვექნება, რომელიც დღეს გვაქვს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გარკვეულწილად, არის თუ არა გადასახედი და შესაცვლელი ტესტირების არსებული ალგორითმი, პროტოკოლი და უნდა გაფართოვდეს თუ არა მიზნობრივი კატეგორიები, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდებათ.

შეკითხვაზე, საჭიროა თუ არა ინფექციის კონტროლის კუთხით სამედიცინო პერსონალის კონტროლი და მონიტორინგის გააქტიურება, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი შემთხვევები, რაც ორ კლინიკაში მოხდა, როცა ერთ შემთხვევაში ექიმი დაინფიცირდა და მისი დაინფიცირების წყარო ჯერ ისევ დაუდგენელია, მეორე შემთხვევაში კი პაციენტს, რომელიც კლინიკაში გულის უკმარისობისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკით შეიყვანეს, ტესტირება მხოლოდ მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც მისი მეუღლის დაინფიცირების შესახებ გახდა ცნობილი, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, იდეალური არაფერია, არც საქართველოს სისტემაა იდეალური და ყველაფერი იდეალურად არ სრულდება, მაგრამ ის იმაზე უკეთ სრულდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

„ჩვენ ვიღებთ გამოცდილებას და ყოველდღე რაღაცას ვხვეწთ. ყოველდღე რაღაც ცვლილება შედის თითოეულ პროტოკოლში, ყოველდღე იმატებს გამოცდილება, როგორც სასწრაფოს, ისე ოჯახის ექიმის, „კოვიდის“ ცენტრების, სამედიცინო მუშაკების და ა.შ. მე ამიტომ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ გამონაკლისი შემთხვევების მიუხედავად, როცა რაღაც ისე არ გაკეთდა, ან რაღაც დაირღვა, ეს სისტემურ პრობლემას არ შეგვიქმნის. რა თქმა უნდა, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე საჭიროა მყისიერი, ადეკვატური რეაგირება, რათა ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით მთლიანად მართლდება ის პროგნოზები, რომელიც კეთდებოდა.

„ეს პროგნოზები იმაში მდგომარეობდა, რომ შემთხვევების მატება უეჭველად იქნებოდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შიდა გავრცელება დაიწყო და ამას დასაბამი მიეცა მარნეულის შემთხვევიდან, მაგრამ მატება არ იქნებოდა ისე დრამატული, როგორც ევროპის ქვეყნებში; იქნებოდა სულ ორი-სამი ათეული შემთხვევა, ან შეიძლება, ცოტა მეტი, მაგრამ არამც და არამც ასეულები და ათასეულები. საქართველოში ჯერჯერობით არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ 20-ზე მეტი ახალი პაციენტი დაფიქსირებულიყო, რაც დღეს, იმ გარემოში, რაშიც მსოფლიო იმყოფება, მისაღები და ნორმალური შედეგია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, შესაძლოა, მომდევნო ორი კვირა იყოს ყველაზე დაძაბული.

„სავსებით ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პიკი სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნება. დიახ, იქნება. ალბათ, მატებაც იქნება, მაგრამ ჩემი პროგნოზი ისევ იგივე რჩება, რომ ეს მატება დრამატული არ იქნება. იქნება რამდენიმე ათეული და არა რამდენიმე ასეული, ან ათასეული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.