თენგიზ ცერცვაძე - გიგი უგულავამ დაარღვია რეგულაციის წესი, გუშინ მათთვის მნიშვნელოვანი დღე იყო, მოტივაციამ გადასძალა გონებრივ მიდგომას
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გიგი უგულავამ გუშინ აქციაზე მისვლით კარანტინის წესი დაარღვია.
როგორც ცერცვაძე ამბობს, შესაძლოა, გიგი უგულავა გადამდები აღარ იყო, მაგრამ მას უნდა დაეცვა იზოლაციაში ყოფნის წესი. ცერცვაძის თქმით, მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში იზოლაციისთვის დაწესებული ვადები 10-12-დღეს მოიცავს და ამ დრომდე პირის გარეთ გასვლა მიზანშეწონილი არ არის.
„მან დაარღვია რეგულაციის წესი. თუ მედიკოსმა მას მისცა ამის უფლება, მედიკოსმაც დაარღვია რეგულაციის წესი და გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას. მეორე, არის თუ არა ის გადამდები – მე ვერ ვიტყვი, ზოგიერთი პაციენტი ვირუსისგან ადრე თავისუფლდება, ზოგიერთი უფრო გვიან. თუ მან გაიკეთა ტესტი და მართლაც უარყოფითია, მაშინ ის არ იქნებოდა გადამდები, მაგრამ რამდენადაც მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც მაინც მიღებულია 10-12 დღე, გარდა, გამონაკლისებისა, რა თქმა უნდა, სჯობდა მას ეს არ გაეკეთებინა. მაგრამ მაინც და მაინც ნუ გამოვიტანთ ბატონი გიგის შემთხვევას რაღაც განსკუთრებულ შემთხვევად.
გუშინ მათთვის მნიშვნელოვანი დღე იყო, ყველა ელოდა, რომ იქ უნდა მდგარიყვნენ, მოტივაციამ გადასძალა გონებრივ მიდგომას და რეგულაციის დაცვას. რამდენი ვინმეა ასე, რომელიც არ იცავს რეგულაციას. იქ გუშინ დაახლოებით 30 000 კაცი რომ იმყოფებოდა, შეიძლება გიგიზე ბევრად გადამდები იყვნენ სხვები. გიგის მაინც მე-8 დღე იყო და ამბობს არ ვარ გადამდებიო. უგულავამ დაარღვია და არ მგონია, რომ ერთი კაცის დარღვევა სხვებმა აიტაცონ და დაიწყონ მასობრივი დარღვევა. გუშინ იყო განსაკუთრებული დღე და უგულავას გარდა, სხვებმაც დაარღვიეს ალბათ, მაგრამ სხვა დღეებში, ალბათ იგივე უგულავაც არ დაარღვევს. უნდა დავგმოთ ბატონი გიგის საქციელი, ვუსაყვედუროთ, მაგრამ უნდა შევხედოთ საქართველოში დღეს დამდგარ რეალობას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
თემის ირგვლივ საუბრისას, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ დიდი აქციები კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების რისკის შემცველია.
„ასეთი დიდი აქციები არის რისკის ფაქტორი ახალი შემთხვევების მატების, მაგრამ ამაზე მიდის ჩვენი საზოგადოება, ვინაიდან არის უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია. თუკი მოსახლეობის დიდი ნაწილი ისედაც არ იცავს რეგულაციებს, რა გიკვირთ, როდესაც ასეთი მოტივაცია ჰქონდათ, ისინი შეიკრიბებოდნენ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რეკომენდაციები მივცეთ. იყო რჩევა, არ ჩატარებულიყო ხალხმრავალი შეკრებები. ეს იყო რეგულაციების დარღვევა და სამედიცინო თვალსაზრისით გაუმართლებელი. მეორე მხარეს, რომელიც რიცხობრივად მნიშვნელოვნად აღემატება იმ მხარეს, რომელიც გუშინ გამოვიდა და მაქსიმალური მობილიზაციის შედეგად რამდენიმე ათეული ათასი კაცი გამოიყვანეს, რომ გაუჩნდეს პროტესტის გრძნობა და ერთი კვირის შემდეგ გამოიყვანოს სამი იმდენი ხალხი, ესეც ცუდი იქნება, ესეც კატეგორიულად არ შეიძლება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
გიგი უგულავა, რომელსაც 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვიდა. „არ შემეძლო, დღეს აქ არ მოვსულიყავი, მადლობა ექიმებს, რომ მომცეს ამის საშუალება“, – განაცხადა გიგი უგულავამ აქციაზე. მოგვიანებით, უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიმპტომები აღარ აქვს, აღარც გადამდებია. მისივე თქმით, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, ყოფილიყო აქციაზე, ხალხთან ერთად.