გიგი უგულავა, რომელსაც 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვიდა - არ შემეძლო, დღეს აქ არ მოვსულიყავი, მადლობა ექიმებს, რომ მომცეს ამის საშუალება
გიგი უგულავა, რომელსაც 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვიდა - არ შემეძლო, დღეს აქ არ მოვსულიყავი, მადლობა ექიმებს, რომ მომცეს ამის საშუალება

ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა, რომელმაც 7 ოქტომბერს სოციალურ ქსელში კორონავირუსის დადასტურების შესახებ დაწერა, დღეს თავისუფლების მოედანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

გიგი უგულავას თქმით, მადლობას უხდის ექიმებს, რომ აქციაზე მისვლის საშუალება მისცეს.

უგულავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ხალხს მისცა ბრძოლის მაგალითი და უკან დახევის უფლება აღარ აქვთ.

„მოგესალმებით, მეგობრებო. არ შემეძლო, დღეს არ მოვსულიყავი აქ და მინდა, ექიმებს მადლობა ვუთხრა, მომცეს ამის საშუალება. მეგობრებო, რუსთავისკენ ქარი ქრის, ამიტომ თქვენი ხმაური და თქვენი ხმა გავაგანოთ მთელ საქართველოს, გავაგონოთ მთელ თბილისს, გავაგონოთ რუსთავს, გავაგონოთ თელავს და გავაგონოთ ყველას, ვისაც უნდა ქვეყანაში თავისუფლება.

მეგობრებო, ვიდრე ჩვენ თვითონ არ დავიჯერებთ გამარჯვებას, მანამდე გამარჯვება ყოველთვის გვერდით ჩაგვივლის. მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ დავინახეთ, მანამდე არ გვწამდა, სანამ ჩვენ თვითონ არ ვნახეთ, რომ მიშამ ყველა ბარიერი გადალახა და მოვიდა აქ, ბევრს არ გვეგონა, ბევრი ვფიქრობდით, რომ ეს არ შედგებოდა, ბევრი ვფიქრობდით, რომ ეს ტყუილია, ბევრი ვამბობდით, რომ ეს ბლეფია, ზოგი ბუენოს აირესიდან, ზოგი ტრუსკავეციდან გვესალმებოდა, მაგრამ, მეგობრებო, დადგა მომენტი და დრო და მან თავისი საქმე გააკეთა.

ვარ ამაყი, როგორც არასდროს, რადგან მეც ჩემი შერყეული რწმენა გამიმთელდა ადამიანის და მეგობრის მიმართ. დღეს ის არის აქ, ის არის ყველაზე თავისუფალი, ის არის ყველაზე თამამი, მან მოგვცა მაგალითი ბრძოლის და ჩვენ აღარ გვაქვს უკან დახევის უფლება.

დღეს თქვენ გამოიარეთ მთელი საქართველო, დღეს თქვენ ხელისუფლებამ, ამ უბადრუკებმა გასაცოდავებული ადამიანები დაგახვედრეს გზაში, ადამიანები, რომლებიც სახეს მალავდნენ, ეშინოდათ, რცხვენოდათ და ამ ცოცხებს იფარებდნენ, მათი თავისუფლებისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ, რომ ასეთი სირცხვილი ამ ქვეყანაში არც ერთმა ხელისუფელბამ აღარ გაბედოს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას განმარტებით, დღეს არ ითხოვენ მხოლოდ სააკაშვილის თავისუფლებას, არამედ მათი მიზანი უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი.

„ეს კიდევ უფრო დიდი მისიაა, უფრო დიდი ამოცანაა, რადგან პირველ რიგში გამორიცხავს შურისძიებას ქვეყანაში, გამორიცხავს ბოღმას, გამორიცხავს გაუტანლობას და გამორიცხავს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ თავისუფლებას, მეგობრებო, პირველ რიგში სჭირდება რწმენა.

თუ ჯერ ჩვენ არ დავიჯერეთ გამარჯვების, დედამიწის ზურგზე ვერავინ ვერ გაგვამარჯვებინებს. ჩვენს გვერდით არიან ჩვენი პარტნიორები, ჩვენს გვერდით არის მთელი მსოფლიო, ყველას ამოუვიდა ყელში ის საზიზღრობა, რაც ამ ქვეყანაში სუფევს, მაგრამ თუ ჩვენს თვალებში არ იქნება გამარჯვების რწმენა, მანამდე გამარჯვება არ დადგება.

ამიტომ გამოვიყენოთ ყველაფერი, რაც კი შეიძლება, ვიბრძოლოთ ყველგან, ვიბრძოლოთ მოედნებზე, ვიბრძოლოთ ქუჩებში, ვიბრძოლოთ სოფლებში, ვიბრძოლოთ ყველა ქალაქში და 30-ში გავიმარჯვოთ. გავიმარჯვოთ თავისუფლებსთვის, გავიმარჯვოთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. დიახ, დღეს, როგორც არასდროს, 18 წლის წინ, როდესაც თქვენ აქ მოხვედით, მაშინ ყველა ვიყაივთ ახალგაზრდა, ზოგი მაშინ ვიწყებდით პოლიტიკას, ზოგი მაშინ ვიწყებდით საერთოდ საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლას და მაშინ ეს ადამიანი იდგა ჩვენს გვერდზე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.