თენგიზ ცერცვაძე - ერთ-ერთი დამსახურება სწორედ პლაქვენილისაა, რომ მძიმე, ხანდაზმული ავადმყოფები არ მიგვყავდა მართვით სუნთქვამდე და მანამდე ხდებოდა მათი გამოჯანმრთელება
თენგიზ ცერცვაძე - ერთ-ერთი დამსახურება სწორედ პლაქვენილისაა, რომ მძიმე, ხანდაზმული ავადმყოფები არ მიგვყავდა მართვით სუნთქვამდე და მანამდე ხდებოდა მათი გამოჯანმრთელება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლთან დაკავშირებით კრიტიკა მიუღებელია.

ცერცვაძის თქმით, რომ კოვიდ 19-ის ეფექტურად სამკურნალო, პირდაპირი ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს და ამ ფონზე, პლაქვენილი არსებულ მედიკამენტებს შორის საუკეთესოდ არის მიჩნეული.

„რაც შეეხება უშუალოდ მკურნალობის პროტოკოლს, რომელსაც ეხებოდა ზურაბ გურულის კრიტიკა, ეს არის უშუალოდ „კოვიდ“ ინფიცირებულის, ავადმყოფის მკურნალობის პროტოკოლი, რომელიც შედგენილია ავტორთა ჯგუფის მიერ ჩვენი ხელმღძვანელობით.

ბატონი გურული საკმაოდ მოურიდებლად აკრიტიკებდა, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ფეისბუქზე მის მიერ ატვირთული წერილი, ეს პროტოკოლი არაფრად არ ვარგა, საქართველოში „კოვიდ“ ავადმყოფებს არასწორად მკურნალობენ, მას არასწორად და არამიზნობრივად უნიშნავენ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მედიკამენტ პლაქვენილს.

კერძოდ,თითქოს ამ პლაქვენილს უნიშნავენ უსიმპტომო ავადმყოფებს, მათ ვისაც ეს საერთოდ არ სჭირდება, რომელსაც კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე არ აღენიშნება ფილტვების ანთება და ვისთვისაც ეს მედიკამენტი შეიძლება ზიანის მომტანი იყო, ასევე თითქოს ამ მედიკამენტს იყენებენ საპროფილაქტიკოდ და თითქოს მალე დამტკიცდება, რომ პლაქვენილი არ არის საერთოდ კარგი წამალი.

ყველამ კარგად იცით, რომ იუნსტონ ჩერჩილი ამბობდა, დემოკრატია მმართველობის ყველაზე საშინელი ფორმაა, მაგრამ უკეთესი არ არსებობს. ძალიან კარგად შეესაბამება ეს პლაქვენილს.

ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ „კოვიდის“ ეფექტურად სამკურნალო, პირდაპირი ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს, არ არის ჯერ დამტკიცებული და მიმდინარეობს ძიება მთელ მსოფლიოში, დაახლოებით 15-16 მედიკამენტს ცდიან, მათ შორის ყველაზე იმედის მომცემია რენდესივირი, მაგრამ ის კვლევის პროცესშია და არც ერთი ქვეყნისთვის არ არის ხელმისაწვდომი. თან ჩნდება სულ ახალ ახალი მედიკამენტები.

ამ ფონზე, როდესაც ასეთი რადიკალური საშუალება არ არსებობს, პლაქვენილი ბევრის მიერ მიჩნეულია არსებულ მედიკამენტებს შორის საუკეთესოდ. ჩვენ ასე ჩავთვალეთ თავის დროზე, სხვადასხვა ქვეყნის კვლევის შედეგები გავაანალიზეთ, გავაანალიზეთ მედიკამენტის მოქმედების მექანიზმები, თვითონ დაავადების პათოგენეზი და ჯერ კიდევ თებერვალში მივედით იმ დასკვნამდე, რომ არსებული რესურსიდან პლაქვენილი სხვებს ჯობდა და გავუწიეთ რეკომენდაცია, როგორც ერთ-ერთ ძირითად სამკურნალო საშუალებას“  – განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის განმარტებით, გადაწყვეტილების სისწორე შემდგომში პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაც დაადასტურა, რომელმაც მოუწოდა ამერიკას და მთელ მსოფლიოს, რომ დაუყონებლივ დაიწყონ ყველა ავადმყოფის მკურნალობა პლაქვენილით.

ცერცვაძის თქმით, დონალდ ტრამპი ექიმი არ არის, თუმცა მრჩეველთა კონსულტაციის გარეშე ის ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა.

„ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე დაადასტურა შემდგომში პრეზიდენტ ტრამპის განცხადებამ, რომელმაც ერთი თვის შემდეგ გააკეთა განცხადება და მოუწოდა ამერიკას, მთელ მსოფლიოს, რომ დაუყონებლივ დაიწყონ ყველა ავადმყოფის მკურნალობა პლაქვენილით. მართალია, იყო კრიტიკა, რომ ტრამპი არ არის ექიმი, მაგრამ მას ყავს მრჩეველთა ჯგუფი, რომელთა კონსულტაციის გარეშე ის ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა

28 მარტს პლაქვენილს ოფიციალურად მისცა რეკომენდაცია „კოვიდის“ დროს გამოსაყენებლად ამერიკის წამლის და საკვები პრდუქციის ადმინსიტრაციამ, რომელიც არის უმაღლესი ორგანო. მის გადაწყვეტილებას ყველა ემორჩილება, ეს წყვეტს, რომელი დაავადების დროს რომელი მედიკამენტის ხმარება არის მიზანშენოწილი და რომელი  – არა. რამდენიმე ათეული მედიკამენტიდან რეკომენდაცია მიეცა პლაქვენილს. შესაბამისად, ის, რასაც ჩვენ ერთი თვე ვაკეთებდით, გამართლდა და დღემდე ასეა.

ბევრი ქვეყანა წარმატებით ხმარობს პლაქვენილს, რომ ეს ცუდი მედიკამენტი არ არის, თუმცა დემოკრატიის არ იყოს, ის სულაც არ არის საუკეთესო, მაგრამ დღეს არსებულ ასორტიმენტში ერთ-ერთი საუკეთესოა, სხვებს ჯობია.

საქართველოში მიღწეულია ესოდენ კარგი შედეგები. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს მხოლოდ პლაქვენილის დამსახურებაა, მაგრამ პლაქვენილიც უეჭველად არის.

საქართველოში სულ 408 ავადმყოფიდან მართვითი სუნთქვა დასჭირდა 11 ავადმყოფს. ვფიქრობ, რომ ასეთი განვითარება დაავადების, როდესაც მძიმე ავადმყოფები და ხანდაზმული ავადმყოფები არ მიგვყავდა მართვით სუნთქვამდე და მანამდე ხდებოდა მათი გამოჯანმრთელება, ერთ-ერთი დამსახურება არის პლაქვენილის.

აგრეთვე სულაც არ არის დამოკიდებული მარტო პლაქვენილზე. ჩვენ დიდი წარმატებით გამოვიყენეთ პრეპარატი ტოცილისუმაბი, მძიმე ავადყოფების სამკურნალოდ, ეს ძალიან ძლიერი მედიკამენტია და განსაკუთრებულ შემთხვევაში ინიშნება. ჩვენ აგრეთვე სისტემატურად ვართ ყველა სიახლის საქმის კურსში და ვცდილობთ, საქართველოში დავნერგოთ ნებისმიერი ინოვაცია ერთ-ერთმა პირველმა, რომელიც გამჩნდება. ჩვენ ვმუშაობთ „კოვიდისგან“ გამოჯანმრთელებული ავადმყოფის პლაზმის გადასხმაზე, როგორც სამკურნალო საშუალებაზე“ ,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.