ტენესის შტატში ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავებულია. სტიქიის მსხვერპლთა შორის ერთი ბავშვია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იმ რაიონებში, რომლებსაც ტორნადომ გადაუარა, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ამიტომ შტატში მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ.
ტენესის ქალაქ კლარკსვილში სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შაბათ-კვირის ღამით კი კომენდანტის საათი დაწესდა.
ტორნადომ და შტორმმა შტატის რამდენიმე რაიონში წააქცია ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და საცხოვრებელი სახლები. ტენესიში 80 ათასზე მეტი ადამიანი შაბათს, საღამოს ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.