ტენესის შტატში დააფიქსირეს ირემი, რომელსაც უიშვიათესი დაავადების გამო თვალის კაკლებზე თმა აქვს ამოსული — #1tvმეცნიერება
ტენესის შტატის ქალაქ ფარაგატის ქუჩებში თეთრკუდა ირემი შენიშნეს, რომელსაც თვალის კაკლებზე სქელი თმა ჰქონდა ამოსული.
საკმაოდ ხშირი თმა ორივე თვალის რქოვანას ფარავდა — თვალის გამჭვირვალე ნაწილს, რომელიც ფერად გარსსა და გუგას ფარავს.
ეს უცნაური დაავადება, რომელსაც რქოვანას დერმოიდს უწოდებენ, აქამდე მხოლოდ ერთ სხვა თეთრკუდა ირემში იყო აღწერილი, ისიც ტენესის შტატში.
დერმოიდი არის კეთილთვისებიანი სიმსივნის ტიპი და შედგება ქსოვილებისგან, რომლებიც ძირითადად სხეულის სხვა ნაწილებში ჩნდება; ამ შემთხვევაში, ფოლიკულებით დაფარული კანის ქსოვილი ირმის თვალების რქოვანაში იყო ამოზრდილი.
„ვეჭვობ, თვალებში თმიანი ეს ირემი რამეს ხედავდეს. წარმოიდგინეთ, რომ თვალები ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით გაქვთ დაფარული. ალბათ თქვენთვის მუდამ ღამე იქნებოდა“, — ამბობს ტენესის ველური ბუნების რესურსების სააგენტოს ველური ბუნების ბიოლოგი სტერლინგ დანიელსი.
კორნელის უნივერსიტეტის ველური ბუნების სიჯანსაღის ლაბორატორიის ცნობით, ირემს ასევე დაუდგინდა ეპიზოოტიური ჰემორაგიული დაავადება (EHD), რომელიც იწვევს სიცხეს, ქსოვილების მწვავე შეშუპებას და ადამიანებისადმი შიშის შეგრძნების დაკარგვას.
სწორედ ამიტომ შეიძლება დახეტიალობდა გზას აცდენილი ირემი 2020 წლის აგვისტოს ბოლოს ქალაქის გარეუბანში, თანაც ისე, რომ გვერდით მოსიარულე ხალხს არც კი იმჩნევდა.
თუმცა, ეს დაავადება არ უნდა იყოს ირმის თვალებში თმის საფარის ამოსვლის მიზეზი.
ჯორჯიის უნივერსიტეტის ვეტერინარული სკოლის ასოცირებული პროფესორის, ნიკოლ ნემეთის განცხადებით, კანის თმიანი მონაკვეთები სავარაუდოდ ცხოველის განვითარების ადრეულ ეტაპზევე წარმოიქმნა, როდესაც ის ჯერ კიდევ დედის მუცელში იყო.
სუფთა რქოვანას წარმატებით განვითარების ნაცვლად, ქსოვილმა წარმოქმნა კანი და თმის ფოლიკულები, რომლებმაც მოზარდი ირმის თვალები დაბინდა.
ხშირი თმის ქვეშ, ირმის თვალების ანატომია ასევე სრულიად მოულოდნელია.
მიუხედავად იმისა, რომ ირმის ნუკრი რქოვანას დერმოიდის თანხლებით დაიბადა, ეპიზოოტიური ჰემორაგიული დაავადება თითქმის ერთი წლის ასაკში შეხვდა; ეს დაავადება განუკურნებელია.
ნემეთი აღნიშნავს, რომ ვინაიდან ირემი ამდენ ხანს გადარჩა, დერმოიდი მას სავარაუდოდ თანდათანობით განუვითარდა, რის გამოც, ის მხედველობის ნელ-ნელა დაკარგვას შეეგუა.
„დერმოიდის განვითარების სიჩქარე კარგად არ არის ცნობილი და შემთხვევიდან შემთხვევამდე ცვალებადია“, — ამბობს ნემეთი.
გამოცემა Live Science-ის ცნობით, დერმოიდი თვალებში ადამიანსაც შეიძლება განუვითარდეს, თვალის კაკლებში თმა ამოეზარდოს. ეს დაავადება იშვიათია და თვალის ექიმებს შეიძლება ასეთი შემთხვევა კარიერის მანძილზე არც კი შეხვდეთ.
რქოვანა დერმოიდის ყველა შემთხვევაში თმით მთლიანად არ იფარება, როგორც ამ ირმის შემთხვევაშია; ზოგიერთი დერმოიდი ვითარდება რქოვანასა და თვალის თეთრი გარსის (სკელარა) კვეთასთან.
ასეთ შემთხვევაში, ამ გარემოებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა და არა სრული სიბრმავე.
დერმოიდის მოშორება შესაძლებელია კოსმეტიკური მიზნებისთვის, მაგრამ ამით პაციენტის მხედველობა არ უმჯობესდება.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.