თემურ მიქელაძე - ბავშვის ორგანიზმში თუ რკინისა და კალციუმის შემცველობა საკმარისია, ტყვიით მოწამლვა არ განუვითარდება
ბავშვის ორგანიზმში თუ რკინისა და კალციუმის შემცველობა საკმარისია, მას ტყვიით მოწამლვა არ განუვითარდება, – ამის შესახებ პედიატრმა, თემურ მიქელაძემ განაცხადა.
როგორც თემურ მიქელაძემ აღნიშნა, ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის დროს კლინიკური გამოვლინებების იდენტიფიცირება ძნელია, რადგან კლინიკური, გამოხატული ნიშანი მას არ გააჩნია, თუ არ არის მწვავე მძიმე მოწამვლა.
„მწვავე მძიმე მოწამვლა საკმაო იშვიათია, პრაქტიკულად არც კი შეგხვედრია, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს საკმაოდ მძიმე პათოლოგიაა და ასეთი პაციენტები, იმ დღესვე ხვდებიან, ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში“, – განაცხადა პედიატრმა.
მისივე თქმით, ტყვიის ხანგრძლივი ქრონიკული ზემოქმედების შედეგად, შეიძლება განვითარდეს, ადვილად დაღლილობის სინდრომი, შეიძლება მოხდეს ბავშვის გონებრივი და ფსიქომეტრული განვითარების შეფერხება და სკოლაში აკადემიური მოსწრება დაქვეითება, გონებრივი განვითარების შეფერხება და ა.შ.
„ჩვენ კვლევას ვაკეთებთ, რათა დავადგინოთ წყარო, საიდან ხდება ამ ბავშვების მოწამვლა, შესაბამისად, ქვეყანამ და მთავრობამ ამის შემდეგ უნდა მიიღონ ძირითადი სტრატეგიული ღონისძიებები, რომელიც სწორედ ამ წყაროს აღმოფხვრის. თუ ჩვენ გვექნება ბავშვებში სწორი ნუტრიენტული სტატუსი, ანუ ბავშვთა კვება მოხდება სწორი მიმართულებით და მათ ორგანიზმში სწორად იქნება რკინისა და კალციუმის საკმარისი შემცველობა, რაც გინდა მაღალი შემცველობა ჰქონდეთ ტყვიის, მათ ტყვიით მოწამვლა არ განუვითარდებათ“, – აღნიშნა მიქელაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში საგანგაშო სიტუაცია არ არის, რადგან სიტუაცია დაახლოებით 90-იან წლებში იგივე იყო აშშ-ში და სწორედ აშშ იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო, სტრატეგიული ღონისძიებები და ამოიღო ხმარებიდან ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავდა ტყვიას.