თბილისის განვითარების გენგეგმასთან დაკავშირებით „სითი ინსტიტუტ საქართველოსთან“ პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე შედგა, – ამის შესახებ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დედაქალაქის საკრებულოში განაცხადა, სადაც ის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გენგეგმასთან დაკავშირებით ხვდება.
თემურ ბოლოთაშვილის განცხადებით, დოკუმენტის სრულყოფილი შესწავლა მიმდინარეობს და პროცესში ჩართული არიან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. მისი თქმით, როგორც კი დოკუმენტის შეფასება მოხდება, ის გასაჯაროვდება.
„საკრებულოს დეპუტატებთან ვისაუბრებ, რაც არის ამ ეტაპზე მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, რა არსებული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რა ნაწილები არსებობს, რაც არის დასასრულებელი იმისათვის, რომ მოხდეს წარმოდგენილი დოკუმენტის სრულყოფა. ამ ეტაპზე წარმოვადგენთ იმ შემხვედრ წინადადებებს, რომელიც წარმოადგინა გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა, კონკრეტულად 45-დღიან ვადას ვგულისხმობ. ყველა შეკითხვას ვუპასუხებთ. ხარვეზები ჩვენ გამოვაქვეყნეთ. ეს შეეხება ზონირების, ტრანსპორტის ნაწილს, გზათა ქსელს“, – განაცხადა თემურ ბოლოთაშვილმა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არქიტექტურის სამსახურთან კითხვები მწვანე საფარზე, ქალაქის განვითარების პოლიტიკასა და ყველა იმ ძირითად საკითხზე აქვთ, რომლებიც, მათი თქმით, მოსახლეობას გააგებინებს, რას ნიშნავს გენგეგმა.
ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, აუცილებელია იმ ქაოსის გაფანტვა, რომელიც არსებობს მერიასა და შემსრულებელ ორგანიზაციას შორის.
„გენგეგმის მიმართულებით არის დიდი ქარიშხალი ატეხილი, არის საშიშროება, რომ დეტალებმა მიიქციოს ყურადღება და ყველაზე არსებითი ქალაქგეგმარებითი საკითხები არ გამოჩნდეს ასეთ კორიანტელში. საზოგადოებამდე უნდა მივიდეს გენგეგმის არსებითი მხარეები“, – აღნიშნა ნიკა ვაჩეიშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის მერიისა და გენგეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლები 12 იანვარს შეთანხმდნენ, რომ „სითი ინსტიტუტ საქართველო“ თბილისის განვითარების გენერალური გეგმის საბოლოო დოკუმენტს მერიას 45 დღის ვადაში წარუდგენს.